მარნეულში თავმჯდომარემ ჩვენს დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – ISFED

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, მარნეულში კომისიის თავმჯდომარემ მათ დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ორგანიზაციის ცნობით, შემთხვევა #10 საარჩევნო უბანზე მოხდა.

“საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს შეუზღუდეს ფოტო-ვიდეოგადაღების უფლება. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ტელეფონით გადაღება საარჩევნო უბანზე აკრძალულია. იგი დამკვირვებელს „თავის დაჩეჩქვით“ დაემუქრა და ტელეფონის წართმევაც სცადა. დამკვირვებელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიას წარუდგინა საჩივარი. რეგისტრაციის ცნობის მოთხოვნის შემდეგ, მას კომისიის თავმჯდომარემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და უბნიდან გამოაძევა,”-აცხადებენ ISFED-ში.

15:00 საათისთვის “სამართლიანმა არჩევნებმა” ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ერთი ფაქტი თბილისში დააფიქსირა.  ISFED-ის ინფორმაციით,  #65 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე  დამკვირვებელმა დაინახა, როგორ გადასცა „ქართული ოცნების“ ე.წ. კოორდინატორმა ამომრჩეველს ფული. “დამკვირვებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა თანხა გადასცა კოორდინატორმა ამომრჩეველს,  უპასუხა, რომ ფული ასესხა.”

“სამართლიანმა არჩევნების” ცნობით, ბათუმში, ზუგდიდსა და ბორჯომში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები იყო.

ამ დროისათვის „სამართლიანმა არჩევნება“ საუბნო საარჩევნო კომისიებში 22 საჩივარი შეიტანა. ასევე, 22 საჩივარი არის წარდგენილი საოლქო საარჩევნო კომისიებში.

ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების სავარაუდო მცდელობის 10 შემთხვევა დააფიქსირდა ISFED-ის მიერ:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 651 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ასევე წარმოდგენილი არიან საზღვარგარეთ გახსნილ 12 საარჩევნო უბანზე.