ზუგდიდში კახათის 2 საარჩევნო უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს

ზუგდიდის სოფელ კახათის  ორი საარჩევნო უბნიდან გააძევეს დამკვირვებელი ასმათ თორია, რომელიც  სავარაუდოდ ენმ-სთან აფილირებული “საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების” წარმომადგენელია.

96-ე და 50-ე უბნები, საიდანაც დამკვირვებელი გააძევეს,  ერთ შენობაში, ერთმანეთის გვერდითაა განთავსებული.

საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ირმა სამუშიამ უარი თქვა ჟურნალისტებთან დეტალების შესახებ საუბარზე. როდესაც მას ვკითხეთ, რა იყო დამკვირვებლის გაძევების მიზეზი, მის ნაცვლად გვიპასუხა უბნიდან გამოსულმა კაცმა: “ატლიკინებენ ენას და მაგიტომ”. მას თავისი ვინაობა არ გაუმხელია.

ამის შემდეგ ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარის ნაცვლად ესაუბრებოდა “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” დამკვირვებელი ნარგიზა ფარჯიკია. მისი თქმით, თორიამ საჩივარი დაწერა, რადგან კომისიის თავმჯდომარე ტუალეტში გავიდა, რაც, მისი შეფასებით, უსაფუძვლო იყო, ამას კი მოჰყვა დაპირისპირება.