„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმდინარე საარჩევნო პროცესს (07:00-13:00 საათები) აფასებს.
ორგანიზაციის დაკვირვებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
ორგანიზაციის განცხადებით, მათ მიერ დაფიქსირდა 70-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. მათი დამკვირვებლების მიერ დაიწერა 9 საჩივარი.
მნიშვნელოვანი დარღვევებიდან, TI-ის შეფასებით, აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:
არასამთავრობოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
პირველი ტურის მსგავსად, თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის. გარდა ამისა, რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ უბნიდან გამოსული ამომრჩევლები სხდებოდნენ უბნის გარეთ მდგომ ავტომობილებში და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გადმოდიოდნენ. ოთხ შემთხვევაში, ჩვენი დამკვირვებლების მტკიცებით, ამომრჩევლებს ავტომობილში სავარაუდოდ ფული გადასცეს. აღნიშნული 4 შემთხვევა დაფიქსირდა შემდეგ უბნებთან:
დამკვირვებლების საარჩევნო უბნებზე არშეშვება
დილიდან მასობრივად ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნებზე ჩვენი დამკვირვებლების არშეშვების ფაქტები. საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები უარს იმ მიზეზით ამბობდნენ, რომ დამკვირვებლის მოწმობებს მოქმედების ვადად 20 ნოემბერი ჰქონდა მითითებული. როგორც ჩანს, თავმჯდომარეები არ იყვნენ ინფორმირებული ცესკოს იმ დადგენილების შესახებ, რომლითაც დამკვირვებლის მოწმობების ვადები გახანგრძლივდა. საოლქო საარჩევნო კომისიების ჩარევის შემდეგ ჩვენი დამკვირვებლები შეუშვეს უბნებზე. ასეთი პრობლემა შემდეგ 18 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა:
კენჭისყრის ფარულობის დარღვევა
ასევე, ტენდენციის სახით ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევა. ამ დროისთვის 11 საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ კენჭისყრის კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი შემოხაზულ ბიულეტენს აჩვენებდა ან კომისიის რომელიმე წევრს, ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და ან რომელიმე დამკვირვებელს. აღნიშნული დარღვევები დაფიქსირდა შემდეგ საარჩევნო უბნებზე:
მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში
ტენდენციის სახით ფიქსირდებოდა ნაკადის მომწესრიგებელის მიერ მოსული ამომრჩევლის ვინაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დამკვირვებლებისთვის. ისინი ან ხმამაღლა ასახელებდნენ მოსული ამომრჩევლის სახელსა და გვარს, ან კარნახობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ასეთი შემთხვევები შემდეგ 8 უბანზე დაფიქსირდა:
წილისყრის პროცედურის დარღვევა
#50 საჩხერის საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრების ფუნქციების გადასანაწილებელი წილისყრის ჩატარებაზე უარი თქვა.
#16 ყვარლის #4 საარჩევნო უბანზე ფუნქციების გადასანაწილებელი წილისყრის ჩატარების შემდეგ, კომისიის წევრებმა თვითნებურად გაცვალეს ფუნციები, რაზეც კომისიის თავმჯდმარეს რეაგირება არ ჰქონია.
#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანში კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის პროცედურაში ქალ კომისიის წევრებს არ მიაღებინა მონაწილეობა იმ მიზეზით, რომ გადასატანი ყუთის წაღება ქალისთვის კომფორტული არ არის.
სადამკვირვებლო მისიის შესახებ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2018 წლის 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს 350 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 45 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღეს საარჩევნო მედიაცენტრში ორ პრესკონფერენციას გამართავს- 13:00-ზე და 20:30-ზე, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 29 ნოემბერს, 11:00-ზე წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებითი განცხადებებიც.