ახალი ამბები

ცესკო უარყოფს ბრალდებას სამგორის სპეცსიებში ამომრჩეველთა ხელოვნურ მატებაზე

24 ნოემბერი, 2018 • 1575
ცესკო უარყოფს ბრალდებას სამგორის სპეცსიებში ამომრჩეველთა ხელოვნურ მატებაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისია უარყოფს ბრალდებას, რომ მათ ხელოვნურად გაზარდეს სამგორის ოლქში სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა; ცესკოს პრესსპიკერი ოპოზიციის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

24 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ სამგორის საარჩევნო ოლქში შექმნილია სპეცსიები, რომლებიც, პირველ ტურთან შედარებით, 1 329 ამომრჩევლითაა გაზრდილი. სამგორის (მე-6) ოლქში ჯამში 115 საარჩევნო უბანია.

ბეჟაშვილის თანახმად, სპეცსიებში შეყვანილები არიან პოლიციელები და სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც ექნებათ საშუალება, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და პრაქტიკულად შეცვალონ შედეგები. მისი თქმით, პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს ამ ოლქში დიდი უპირატესობით მოუგო და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ცესკომ “საარჩევნო მანიპულირება” საბოლოო შედეგებზე.

“მოვუწოდებთ ცესკო-ს, თავი დაანებოს გაყალბების ახალი სქემების შემუშავებას. მოგვცეს იმ პოლიციელებისა და სამხედრო მოსამსახურეების სია, რომლებიც ჩასმული არიან სამგორის საარჩევნო ოლქში, რომ ჩვენ შეგვეძლოს მათი ადგილსამყოფელისა და მათი სხვა ერთიან სიაში არსებობის გამორიცხვის შესაძლებლობა”, – ლევან ბეჟაშვილმა.

ცესკოს პასუხი

ბრალდებაზე პასუხად ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ, განაცხადა, რომ კანონმდებლობის თანახმად,  შესაბამისი უწყებები ადგენენ და გადასცემენ მონაცემებს იმ პირების შესახებ, რომელთა სამსახურებრივი მდგომარეობაც მოითხოვს, რომ ისინი არჩევნების დღეს რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე იმყოფებოდნენ.

“საარჩევნო ადმინისტრაცია კი ვალდებულია, უზრუნველყოს მათი კონსტიტუციური უფლება. სწორედ ამიტომ, საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე, ისინი შედიან სპეციალურ სიაში”, – განაცხადა მიქელაძემ.

ცესკოს თანახმად, არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს ის, თუ სად მისცემს ხმას ამომრჩეველი, რადგან იგი მხოლოდ ერთხელ მისცემს ხმას. სიებში კი იმ ამომრჩევლების გასწვრივ, რომლებიც სპეციალურ სიაში არიან გადაყვანილები, კეთდება აღნიშვნა – “გადაყვანილია სპეციალურ სიაში”.

ნახეთ ასევე:

II ტურისთვის სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა თითქმის 10 ათასით გაიზარდა

არ გვითქვამს, რომ მაინცდამაინც ბიომეტრიული ID ბარათები იბეჭდება – გიგაური

მასალების გადაბეჭდვის წესი