“პაემანი რუსეთთან” – ფესტივალის სამი მონაწილე საქართველოში არ შემოუშვეს

შსს-მ საზღვარზე არ შემოუშვა რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ რუსული კინოს ფესტივალში “პაემანი – კინორომანი”. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ამ ადამიანებს ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული.

“რეალურად,  ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიგვეღო. ბევრი საბაბი გვაქვს იმისთვის, რომ არასასურველი ადამიანები, მოქალაქეები  ჩვენს ქვეყანაში არ შემოვუშვათ,“ -აცხადებს გახარია.

ღონისძიება, რომელიც ნოემბერში თბილისში უნდა გაიმართოს, ნაწილია ფესტივალისა “პაემანი რუსეთთან”, რომლის მიზანია რუსული კინემატოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზება დსთ-ის ქვეყნებსა და საქართველოში. ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორია კრემლის მიერ დაფინანსებული “Россия сегодня”-ს დაარსებული საინფორმაციო სააგენტო და რადიო “Sputnik–საქართველო”.

სწორედ “Sputnik–საქართველოს” მულტიმედიურ პრესცენტრში არის დაგეგმილი ფესტივალის მონაწილეებისა და ორგანიზატორების პრესკონფერენცია. კინოფესტივალის პროგრამის შესახებ ისაუბრებენ:

ბოლო პერიოდში თბილისში  რამდენიმე რუსული ფორუმი დაიგეგმა. 5-7 სექტემბერს გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდიდან დაფინანსებული სამხრეთ კავკასიის ფორუმი, სახელწოდებით “მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში”, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.

რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული “გორჩაკოვის ფონდის” მხარდაჭერით, 12-14 ოქტომბერს საქართველოში უნდა გამართულიყო “ახალგაზრდა ლიდერების ფორუმი”, თუმცა ღონისძიება ჩაიშალა და მიზეზად დასახელდა ორგანიზატორების მიმართ ცალკეული პირებისა და მედიის მხრიდან “არამოტივირებული აგრესიის გამოვლენა”.