Vivus: ვადაგასული სესხების ჩამოწერაზე მთავრობა 2 კვირის წინ დაგვიკავშირდა

მიკროსაფინანსო კომპანია Vivus აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით მათ დაახლოებით ორი კვირის წინ დაუკავშირდა.

კომპანიის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროც და ეროვნული ბანკიც მათ სთხოვდა, რომ გაეკეთებინათ შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე, ხოლო ამ ორი კვირის განმავლობაში Vivus-მა ორჯერ გაუგზავნა სამინისტროს მონაცემები და პირობები მათი პორტფელის შესახებ, თუმცა პასუხი აღარ მიუღიათ.

ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ Vivus-ის განმარტებებს მთავრობის განცხადებაზე

“დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თხოვნა, რომ გაგვეკეთებინა შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ჩვენ გავუგზავნეთ მონაცემები და პირობები ჩვენი პორტფელის შესახებ, რათა მათ მიერ მომხდარიყო სესხების შესაძლო გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

გასული კვირის დასაწყისში პორტფელის ნაწილზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტით ჩვენი წინადადება, რომელიც, ჩვენი აზრით, სრულად ჯდებოდა სამინისტროს მიერ გაჟღერებულ პირობათა ჩარჩოში.

ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, აღნიშნული წინადადების მიღების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე აღარ გამოსულა. ვადასტურებთ, რომ დღესაც მზად ვართ ჩვენს მიერ გაჟღერებული პირობების ფარგლებში ვაწარმოოთ მოლაპარაკება აღნიშნულ თემაზე.”

Vivus-ის მომხმარებლებს ვალი არ ჩამოეჭრებათ – მაჭავარიანი