ცესკო რუსთავში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

ცესკო ყველა საარჩევნო სუბიეტს მიმართავს, რომ უზრუნველყონ საარჩევნო კამპანიის მშვიდ ვითარებში ჩატარება: 

 

დღეს მედიასაშუალებებით გავრცელებულ ქ. რუსთავში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მიმართავს ყველა საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რომელიც შეიცავს საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის მცდელობას.

 

მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სუბიექტებმა არ განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომელიც  დააზიანებს საარჩევნო გარემოს და თავისუფალ, კონკურენტულ პირობებში საარჩევნო კამპანიის წარმოებას.

 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნების მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ცესკოს თავმჯდომარე მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს სრული პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ პროცესის მიმდინარეობას და უზრუნველყონ აღნიშნული მიზნის ეფექტური განხორციელება.

ცესკო

დღეს რუსთავში “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.


დაპირისპირება იმ დროს მოხდა , როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის მერობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი ბრიფინგის გამართვას აპირებდა და რუსთავში შეჩერებულ პროექტებზე საუბარს გეგმავდა.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის ოფისთან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ. აქციის მონაწილეებს ხელში ცოცხები ეჭირათ და ნაცმოძრაობის წრმომადგენლების მისამართით სკანდირებდნენ: “მკვლელებო”


დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტი პოლიციამ განმუხტა. ინციდენტის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.