მაქმანებიანი საცვალი, როგორც მტკიცებულება სასამართლოზე – პროტესტი ირლანდიაში

ირლანდიაში საპროტესტო კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც შესაძლო გაუპატიურების საქმეზე სასამართლო პროცესის დროს სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული კაცის ადვოკატმა ქალის საცვლის მტკიცებულებად გამოყენება სცადა.

საქმის განხილვისას 27 წლის კაცის ადვოკატმა ელიზაბეთ ოკონელმა 17 წლის გოგოს საცვალი აჩვენა, რომელიც მას შემთხვევის ღამეს ეცვა და ნაფიც მსაჯულებს მიმართა:

“თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ როგორ ეცვა მას. მას ეცვა “ტანგა”, წინ მაქმანებით”, – განაცხადა მან.

Irish Examiner-ის ცნობით, ადვოკატი აცხადებდა, რომ 17 წლის მოზარდი აღნიშნულ ღამეს “ვინმესთან ყოფნის შესაძლებლობისთვის” მზად იყო და ეს “ვინმე” სწორედ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, სასამართლომ კაცი უდანაშაულოდ ცნო.

Buzzfeed-ის ცნობით, ადვოკატის ზემოაღნიშნულმა ქმედებამ ქვეყნის მასშტაბით კრიტიკა და პროტესტი გამოიწვია. დუბლინში მდებარე კრიზისული ცენტრი, რომელიც გაუპატიურების შემთხვევებზე მუშაობს, აცხადებს, რომ ამ კუთხით სასამართლო საქმის წარმოებაში ცვლილებებია საჭირო.

“ასეთი მითები და სტერეოტიპები კვლავ და კვლავ იჩენს თავს გაუპატიურების გარშემო სასამართლო საქმეებში…”, – აცხადებს ორგანიზაცია.

მომხდარის საპასუხოდ, ოთხშაბათს, ირლანდიის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ქალები შეიკრიბნენ.  აღნიშნულს წინ უძღოდა “ტვიტერში” დაწყებული კამპანია, სახელწოდებით “ეს არ ნიშნავს თანხმობას”, რომლის ფარგლებშიც ქალებმა თავიანთი საცვლების ფოტოები განათავსეს და აღნიშნულთან დაკავშირებით სტერეოტიპები გააპროტესტეს.

Hundreds march through #Cork city to the courthouse where a 17-year old’s underwear was used by the defence barrister when addressing the jury in a rape trial #thisisnotconsent pic.twitter.com/4yqGcW6XPG

— Fiona Corcoran (@fiona96fmnews) November 14, 2018

“საცვალი არ იწვევს გაუპატიურებას.
მოკლე კაბა არ იწვევს გაუპატიურებას.
გაუპატიურებას იწვევენ გამაუპატიურებლები!” – ვკითხულობთ ერთ-ერთ პოსტში.

“ახლა ბიბლიოთეკაში ვზივარ და ტანგა მაცვია. ეს ნიშნავს, რომ “ღია ვარ ვინმესთან შესახვედრად” ან “აგზნებული” ვარ? რა თქმა უნდა, არა, ეს ჩემი საცვალია. სხვაგვარი განმარტება ალოგიკურია. ჩემი არჩევანი, თუ როგორ ჩავიცვა, არ ნიშნავს თანხმობას[სექსზე]” – წერს კიდევ ერთი ქალი.

Lacy but full or thong but not lacy,
need someone to tell me which is less rapey… #ThisIsNotConsent pic.twitter.com/jiA61qF7gB

— maireos (@maireos) November 13, 2018

მათ, ვინც მარშში მონაწილეობა ვერ მიიღეს, პროტესტი კვლავ “ტვიტერზე”, სხვადასხვა ფორმით გამოხატეს. სარა შილმა ქალაქ გალვეიდან მაქმანებიანი საცვალი დახატა და ზემოაღნიშნული სლოგანი წააწერა. ნახატი არაერთმა მომხმარებელმა გაიზიარა.

“დედა ვარ და სახლში დარჩენა მიწევს, შესაბამისად, ვიცოდი, რომ საპროტესტო მარშზე წასვლის დიდი შანსი არ მქონდა. ამიტომაც ამის ნაცვლად, დავხატე”, – უთხრა მან Buzzfeed-ს.

Thongs DO NOT cause rape.
Short skirts DO NOT cause rape.
RAPISTS cause rape! #ThisIsNotConsent pic.twitter.com/4PbAR2hIDh

— Cllr Sharon Tolan (@sharontolan) November 13, 2018

საპროტესტო ტალღამ ირლანდიის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზეც შეაღწია. პოლიტიკოსმა რუთ კოპინგერმა საცვალი გამოფინა და განაცხადა:

“ალბათ სამარცხვინოდ ჩანს საცვლის აქ გამოფენა. როგორ ფიქრობთ, რას გრძნობს ქალი, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლია ან თავს არასასიამოვნოდ გრძნობს, როცა სასამართლო სხდომაზე ხედავს თავის საცვალს?”

რამდენიმე დღის წინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ანგარიშსაც, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ ირლანდიაში ბოლო 18 თვის მანძილზე სექსუალური ძალადობის შეტყობინებები გასამმაგდა, თუმცა საქმეების მხოლოდ 2% დასრულდა გამამტყუნებელი ვერდიქტით.