ვაშაძის შტაბი არჩევნების შუა კვირაში დანიშვნის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შტაბი  აპირებს, სასამართლოში გაასაჩივროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურის შუა კვირაში დანიშვნის შესახებ.

როგორც “ნეტგაზეთს” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურში განუცხადეს, მათი იურისტები მუშაობენ სარჩელის მომზადებაზე და კანონით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სარჩელს სასამართლოში შეიტანენ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 14 ნოემბერს გამოსცა განკარგულება საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ. ცესკოს განკარგულება 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.