ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი სამხრეთ ოსეთზე გაეროს წარმომადგენლის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

23 მაისი, 2014 • • 1234
ცხინვალი სამხრეთ ოსეთზე გაეროს წარმომადგენლის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

“საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, ნავი პილაიმ გააკეთა რიგი განცხადებები სამხრეთ ოსეთის სიტუაციაზე, რასაც არანაირი საერთო არ აქვს რეალობასთან. პილაის თქმით, სამხრეთ ოსეთი “შავ ხვრელად” იქცა და “მსოფლიოში ყველაზე რთულად ხელმისაწვდომი ადგილია”. მან ასევე განაცხადა, რომ “მიუხედავად მრავალჯერადი მცდელობებისა და გაეროს მდივნის მოწოდებებისა, უარს ვიღებდით აფაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლაზე. პირადად მე თავად ვცდილობდი მიმეღო ნებართვა, მაგრამ ისევ უარი მივიღე. ქალბატონმა პილაიმ, როგორც ადამიანს, რომელსაც მაღალი და საპასუხისმგებლო პოსტი უკავია, უნდა იცოდეს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნაში შესვლა [ამ მხრივ არც სამხრეთ ოსეთია გამონაკლისი] რეგულირდება მისი შიდა კანონმდებლობით. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არც გაეროს გენერალურ მდივანს, არც ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარს, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის თხოვნით ხელისუფლებისთვის არ მიუმართავთ,”- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. 

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ უმაღლესი კომისრის მსგავს ხმამაღალ განცხადებას, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, საფუძვლად უდევს ქართველი პოლიტკოსებისა და “არასამთავრობო ორგანიზაციების” მონათხრობები და დასკვნები.

 

“ქალბატონი პილაის გამონათქვამები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა მძიმე ცხოვრების პირობების შესახებ ობიექტურ რეალობას ეწინააღმდეგება, რამდენადაც სამხრეთ ოსეთში ცხოვრების სტანდარტები საგრძნობლად მაღალია, ვიდრე საქართველოში.

 

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების მსგავსი ცალმხრივი მხარდაჭერა არ შეიძლება მიმართული იყოს არც საერთაშორისო საზოგადოების სწორი ინფორმაციის მიწოდებისკენ და არც პოსტკონფლიქტური სიტუაციის დარეგულირებისკენ სამხრეთ კავკასიაში,”- წერია განცხადებაში.


“რამდენჯერმე შევეცადე ჩავსულიყავი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, თუმცა ყოველ ჯერზე უარი მივიღე. სამხრეთ ოსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი რთულად შეღწევადი ადგილია, ის გახდა “შავი ხვრელი.” აფხაზეთში მოხვედრა, განსაკუთრებით გალის რაიონში, როგორღაც კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ნებართვას სამხრეთ ოსეთში მოსახვედრად ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ იღებს, გამონაკლისია “წითელი ჯვარი “- განაცხადა ნავი პილაიმ თბილისში, მედიასთან შეხვედრის დროს. 


2008 წელი; ცხინვალი: ფოტო: epa
2008 წელი; ცხინვალი: ფოტო: epa


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი