ასაკის 20 წლით შესამცირებლად 69 წლის ჰოლანდიელი კაცი სამართლებრივად იბრძვის

69 წლის ჰოლანდიელმა კაცმა, რომელიც აცხადებს, რომ თავს საკუთარი ასაკის შესაბამისად არ გრძნობს, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იგი ასაკის 20 წლით შემცირებას ითხოვს. მისი თქმით, ასაკის გამო გაცნობის საიტებსა და აპლიკაციებში დისკრიმინაციის მსხვერპლია.

როგორც The Guardian წერს, ემილ რათელბანდმა სასამართლოში განაცხადა, რომ საკუთარ დაბადების თარიღთან კომფორტულად არ გრძნობს თავს. მისი თქმით, ოფიციალური ასაკი მის ემოციურ მდგომარეობას არ შეესაბამება, რის გამოც პრობლემები აქვს როგორც სამსახურში, ასევე, პირად ცხოვრებაში:

“69 წლის ასაკი მზღუდავს. 49-ის რომ ვიყო, ახალ სახლს ვიყიდდი, სხვა მანქანით ვივლიდი, მეტს ვიმუშავებდი.  როდესაც “ტინდერზე” ვარ და იქ მითითებულია, რომ 69 წლის ვარ, პასუხს ვერ ვიღებ, თუმცა ოფიციალური ასაკი 20 წლით რომ შემიმცირდეს, შესანიშნავი იქნება” , – თქვა რათელბანდმა.

მისი თქმით, ექიმმა უთხრა, რომ 45 წლის კაცის სხეული აქვს. გარდა ამისა, როგორც მას სჯერა, თუ ასაკი შეეცვლება, ამას არავითარი გაუთვალისწინებელი შედეგი არ მოჰყვება.