ეკა აღდგომელაშვილი: ჩვენ უარს ვამბობთ ომზე, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას

“პირველი საჯარო აქცია, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ გამართა, 2010 წელს ჩატარდა, ირანელი ქალის, საქინე აშთიანის მხარდასაჭერად, რომელსაც ქმრის ღალატში და მკვლელობაში სდებდნენ ბრალს და ქვებით ჩაქოლვა მიუსაჯეს. მაშინ, როდესაც მის მხარდასაჭერად აქციას ვმართავდით, ვერც წარმოვიდგენდი, რომ 2013 წელს, სამი წლის შემდეგ, საქართველოში გავეშებული ბრბო ჩვენს ქვებით ჩაქოლვას შეეცდებოდა ქრისტესა და ტრადიციების სახელით”, – ამბობს “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ხელმძღვანელი ეკა აღდგომელაშვილი.

 

მისი თქმით, შარშანდელი 17 მაისის მოვლენების შემდეგ მასობრივად დაიწყო ქუჩებში ადამიანების დევნა და იმან, რომ სახელმწიფოს რეაქცია არაადეკვატური და დაგვიანებული იყო, მოძალადეები კიდევ უფრო წაახალისა:

 

“უმწეო ხარ, როცა ხვდები, რომ სახელმწიფო არ დგას შენს უკან, მაშინ, როცა ჩემი უფლებების დაცვა პირდაპირ სახელმწიფოს ვალდებულებაა”, – ამბობს ეკა აღდგომელაშვილი.

 

ის მიიჩნევს, რომ გარდა ლგბტ პირების დევნისა, საჯარო განცხადებების შედეგად ამ ადამიანების დემონიზაციაც ხდება:

 

“ხდება ადამიანების დემონიზაცია, მათი გამოცხადება გარყვნილებად, ავადმყოფებად, სექსუალურ მოძალადეებად, ქვეყნის, ქრისტიანობის, კაცობრიობის მტრებად. ნებისმიერი განცხადება, რომ ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ… პირდაპირ აისახება ჩვენს მდგომარეობაზე. 


ყველაფერი იწყება სიძულვილის ენით, რომელსაც თუკი ადეკვატური შეფასებები არ მოყვება საზოგადოებაში, მოყვება ჯგუფის მარგინალიზაცია, თავდასხმები ადამიანების ჯგუფზე, “პოგრომები”, როგორც ეძახიან ხოლმე, და შემდეგი საფეხური უკვე საკონცენტრაციო ბანაკები და გენოციდია. მე მგონია, რომ ახლა ჩვენ “პოგრომების” საფეხურზე გადავედით, როდესაც ადამიანების ერთი ჯგუფი პირდაპირ აპროტესტებს ადამიანების მეორე ჯგუფის თანასწორუფლებიანობას”

ეკა აღდგომელაშვილი მიიჩნევს, რომ როგორც შარშანდელი, ისე წლევანდელი 17 მაისი არის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ძალაუფლებისათვის ბრძოლა.

“ეკლესია სახელმწიფოს პრინციპებს ურტყამს და მას ედავება ძალაუფლებას. ჩვენ შარშანაც და წელსაც ვართ მხოლოდ საბაბი, მხოლოდ სასროლი ქვა ამ ორ ჯგუფს შორის. უბრალოდ, ეს არის საკითხი, რომლის მეშვეობითაც შარშან, ისევე, როგორც წელს, ეკლესია მაქსიმალური ძალის მობილიზებას ცდილობს, რომ აჩვენოს სახელმწიფოს, რომ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს თუნდაც მოახლოებულ არჩევნებზე”

ეკა აღდგომელაშვილი 17 მაისთან დაკავშირებით საზოგადოების მოლოდინებს და შეკითხვებს ასე პასუხობს:

“საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, რატომ არ აპირებენ ორგანიზაციები საჯარო სივრცეში აქციის მოწყობას და ნიშნავს თუ არა საჯარო სივრცის “დათმობა” მოძალადეებისადმი დამარცხების აღიარებას.

 

მე მათ მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ წელს უარი ვთქვით 17 მაისს რაიმე საჯარო აქციის ორგანიზებაზე, ერთი მხრივ, სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ განსხვავებით სახელმწიფოსა და ეკლესიისაგან ჩვენ ვაფასებთ ადამიანის სიცოცხლეს და ვთვლით, რომ არ არსებობს იმაზე დიდი ღირებულება, ვიდრე ადამიანის სიცოცხლეა, და მეორე, სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა ეს არ არის ომი, რომელიც ერთ დღეს უნდა დაიწყოს ან დასრულდეს. არც ცვლილება, რომელსაც ერთხელ მოახდენ და საზოგადოება მუდმივად ხდება ამ ფასეულობის მატარებელი და მისი ერთგული. უფლებებისთვის ბრძოლა ეს არის პოლიტიკური პროცესი. ამიტომ ჩვენ უარს ვამბობთ ომზე, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას”

ეკა აღდგომელაშვილი

როგორც “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” წევრი ნათია გვიანიშვილი აცხადებს, საზოგადოების სხვადასხვა წევრების მიერ ხშირად კეთდება განცახდებები, რომ ლგბტ პირებს საქართველოში არავინ ჩაგრავს, რაც მითია:

“მე შევეცდები, რომ ეს მითი დავანგრიო და რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევიდან. კვლევის თანახმად, ყოველ მესამე რესპონდენტს გამოკითხვის ჩატარებამდე 2 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც განუცდია ძალადობა თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო. ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმები არის ცემა, ზეწოლა და სექსუალური ძალადობა. ძირითადად ძალადობა ხორციელდება მამაკაცებზე, მაგრამ ოჯახში ძალადობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ქალებზე მოდის.

 

გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევა- ერთი შემთხვევა იყო, როდესაც 2009 წელს პოლიციამ დაარბია ფონდი “ინკლუზივის” ოფისი, ეს საქმე სტრასბურგშია და ველოდებით განხილვას, და მეორე ასეთი შემთხვევა მოხდა 17 მაისს, ვაჩნაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ალბათ ყველას გსმენიათ, როდესაც სამარშრუტო ტაქსს ქვები დაუშინეს. ამ ინციდენტის მონაწილეთა უმეტესობა იყვნენ სწორედ ქალები. სამმა ადამიანმა მიიღო ტვინის შერყევა, შესაბამისად, ის, რომ არავინ დაზარალებულა, არ არის სწორი”, – აცხადებს ნათია გვინიაშვილი.

მისივე თქმით, ხშირად ლგბტ პირებზე თავდასხმა ან მათი შეურაცხყოფა არ ფიქსირდება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ ენდობიან და არ მიმართავენ პოლიციას:

“ზოგადად თემი უნდობლობას უცხადებს სამართალდამცავ ადამიანებს, ამიტომ ადამიანები, რომლებსაც განუცდიათ ძალადობა, ხშირად არ მიმართავენ პოლიციას. მათ ან ჰქონიათ გამოცდილება პოლიციის მხრიდან ჰომოფობიურ მოპყრობაზე, ან სმენიათ ამის შესახებ, აქედან გამომდინარეობს მათი უნდობლობა”

 

ნათია გვინიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელს შემდეგ კვლევა განმეორებით არ ჩატარებულა, მათმა ორგანიზაციამ ძალადობის არაერთი შემთხვევა დააფიქსირა.

 

“ჯერ მხოლოდ 17 მაისს 23 შემთხვევა აღვნიშნეთ, ხოლო ამის შემდეგ დაიწყო ძალადობების სერია. ადამიანებზე თავდასხმა ხორციელდებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩაში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში”, – აცხადებს ნათია გვინიაშვილი.