ახალი ამბები

დაიღუპა უკრაინელი აქტივისტი, რომელსაც 3 თვის წინ მჟავით თავს დაესხნენ

4 ნოემბერი, 2018 • 1717
დაიღუპა უკრაინელი აქტივისტი, რომელსაც 3 თვის წინ მჟავით თავს დაესხნენ

ცნობილი უკრაინელი აქტივისტი კატერინა ჰანძიუკი, რომელსაც სამი თვის წინ ქუჩაში მჟავა შეასხეს, დღეს, 4 ნოემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის 33 წლის იყო.

ახალგაზრდა ქალზე მჟავით თავდასხმა ქალაქ ხერსონში, 31 ივლისს მოხდა, რა დროსაც მან სხეულის 40%-იანი დამწვრობა მიიღო და მხედველობა დაუქვეითდა.

BBC-ის ცნობით, მის გარდაცვალებას უკრაინის სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და შოკი მოჰყვა. ფეისბუქზე ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ გამოდიან ადამიანები უკრაინის სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში ყვავილებითა და სანთლებით, აქტივისტის ხსოვნის პატივსაცემად.

ჰანძიუკი ხერსონის ქალაქის საბჭოს წევრი, ასევე ცნობილი აქტივისტი იყო, რომელიც კორუფციისა და დონბასში რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა. სექტემბერში მან კლინიკიდან ვიდეომიმართვაც ჩაწერა, რომლითაც უკრაინელებს კორუფციასთან ბრძოლისაკენ მოუწოდა:

“ვიცი, ახლა ცუდად გამოვიყურები. მაგრამ, სხვა თუ არაფერი, მე მივლიან. ასევე, ვიცი, ბევრად უკეთ გამოვიყურები, ვიდრე უკრაინის სამართლის სისტემა, რადგან მას არავინ უვლის”, – ამბობდა კატერინა.

ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აქტივისტის მკვლელების დასჯის პირობა დადო. ხუთი ეჭვმიტანილი უკვე დაპატიმრებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი