სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 9 დეკემბერს ჩატარდება

სომხეთის პარლამენტმა დღესაც ვერ აირჩია პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად, საკანონმდებლო პროცედურით, პარლამენტი დაითხოვეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთის რესპუბლიკაში 2018 წლის 9 დეკემბერს დანიშნეს.

“ჩვენ გვექნება სრულფასოვანი შესაძლებლობა უზრუნველვყოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”, – აცხადებს პრემიერ- მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი.

სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, იმისთვის, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები  ჩატარებულიყო, პარლამენტს ორჯერ ვერ უნდა აერჩია პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად, ნიკოლ ფაშინიანს არ სურდა, რომ დეპუტატების უმრავლესობას მისთვის მხარი დაეჭირა, იმ მიზნით, რომ საპარლამენტო არჩევნები დეკემბერში შემდგარიყო.

ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც სომხეთის პრემიერის პოსტი 2018 წლის 8 მაისს, ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ დაიკავა, 16 ოქტომბერს გადადგა. გადადგომის მიზეზი მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და  არსებული კანონმდებლობაა.  გადადგომის მიუხედავად, არჩევნების შემდეგ ფაშინიანი პრემიერის რანგში დაბრუნებას აპირებს.