მეორე ტურისთვის კამპანიის რიტორიკა და დაძაბულობა, სავარაუდოდ, მოიმატებს – NDI

NDI-ის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, წინასაარჩევნო პერიოდი კი არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმითა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტებით გამოირჩეოდა.

“ამომრჩევლებს პოლიტიკური არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდათ. საარჩევნო კამპანია აქტიურად და დინამიკურად წარიმართა, თუმცა მწვავე კრიტიკითა და პირადი თავდასხმებით იყო გაჯერებული. პოლარიზების მიუხედავად, მედიაგარემო პლურალისტური იყო და მოქალაქეებს მრავალფეროვანი შეხედულებების მოსმენა შეეძლოთ. ზოგადად, მედიასექტორზე ფინანსური ზეწოლის გარდა, ზოგიერთი მედიასაშუალება, ასევე, პოლიტიკური და სამართლებრივი წნეხის ქვეშ მოექცა.
აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები გამოირჩეოდა სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ქვეყნის საყოველთაოდ აღიარებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ აგრესიული, პერსონალური და უპრეცედენტო თავდასხმებით . მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კრიტიკა თავისთავად დასაშვებია, მათზე თავდასხმები საქართველოში მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის სხვა მხრივ კონსტრუქციული, თუმცა ზოგჯერ დაძაბული, ურთიერთობისგან მკვეთრ გადახვევას წარმოადგენს”, – ნათქვამია NDI-ის წინასწარ ანგარიშში.

NDI-ის დელეგაცია მიიჩნევს, რომ მეორე ტურისთვის კამპანიის რიტორიკა და დაძაბულობა, სავარაუდოდ, მოიმატებს და ხელისუფლებას შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს.

“მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეებს სათანადო ქცევისკენ მოუწოდა, ნათელია, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ხელისუფლებამ ყველა ზომას უნდა მიმართოს იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი ნამდვილად გეგმავენ არსებული პრაქტიკის შეცვლას, მათ შორის მკაცრი სანქციებისა და ზედამხედველობის მექანიზმების გატარებას”, – განაცხადა დელეგაციის წევრმა პერ ეკლუნმა.

NDI-ის ანგარიშში ყურადღება არის გამახვილებული საარჩევნო უბნებს გარეთ კანდიდატების აქტივისტების მასშტაბურ მობილიზებაზე და აღნიშნა, რომ ეს პრაქტიკა უმეტესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ეხებათ.

“მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლების მობილიზება უკანონო ქმედება არ არის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ეს შეაფასეს ამომრჩევლებზე ზეწოლად. შეშფოთებას იწვევს წინასაარჩევნოდ არსებული პრაქტიკა, რაც საჯარო მოხელეებისთვის ინსტრუქციის მიცემას გულისხმობდა, რათა მათ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმა მიეცათ და მისი მხარდამჭერების მობილიზაციისთვის საკუთარი ოჯახის წევრების სია წარედგინათ”, – ნათქვამია ანგარიშში.

NDI-ის რეკომენდაციებია:

NDI-ის დელეგაციის წევრები იყვნენ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ყოფილი დირექტორი დამა ოდრი გლოვერი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდი, აშშ-ის ყოფილი ელჩი დანიაში ლორი ფულტონი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი, საერთაშორისო ექსპერტი საარჩევნო საკითხებში მარია ბაბიჩი, NDI-ის საქართველოს, თურქეთისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორი მელისა მუსიო და NDI-ის საქართველოს ოფისის უფროსი დირექტორი ლორა თორნტონი. სადამკვირვებლო საქმიანობას აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებდა.