დარღვევები იყო, მაგრამ არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია – TI-ის საბოლოო შეფასება

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებზე 130-მდე წვრილი და შედარებით
სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა. დარღვევებზე ორგანიზაციამ 12 საჩივარი დაწერა. დარღვევების მიუხედავად, TI-ის შეფასებით, არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და მნიშვნელოვანი ძალადობრივი ინციდენტები არ მომხდარა.

არჩევნების სავარაუდო გაყალბება

ორგანიზაციამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ერთი შემთხვევა დააფიქსირა. ზუგდიდის  #94 საარჩევნო უბანზე, სადაც TI-ის ინფორმაციით, კომისიის წევრმა რამდენიმე ბიულეტენი ყუთში ჩააგდო, დათვლის პროცესში ერთით მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ამ უბნის შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვს.

“ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამავე უბანზე კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას ჩვენი ვარაუდი
კიდევ უფრო გამყარდა, რადგან საარჩევნო ყუთიდან ამოსული ბიულეტენების რაოდენობა ხელმოწერების რაოდენობაზე ერთით მეტი აღმოჩნდა. ჩვენ ამ უბანზე შედეგების გაბათილება მოვითხოვეთ,”-აცხადებენ ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში”.

ამომრჩეველთა აქტიური მობილიზაცია და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილის მტკიცებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებთან “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისა და ე.წ კორდინატორების მობილიზება შეიმჩნეოდა.

“ბევრი მათგანი იდგა ავტომობილით, სადაც სხვადასხვა პირები სხდებოდნენ და მცირე ხნის შემდეგ უკან გადმოდიოდნენ. ჩვენს
დამკვირვებლებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვას ჰქონდა ადგილი,”-აცხადებენ TI-ში.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მუშაობის შეფასება

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს შეფასებით, წინა რამდენიმე არჩევნების მსგავსად, ბევრ საარჩევნო უბანზე შეიმჩნეოდა კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია. TI-ის მტკიცებით, ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისია ისეთ საკითხებს ვერ აგვარებდა, როგორიცაა ხმის მიცემის ფარულობის დაცვა, საკონტროლო ფურცლის შევსება, კომისიის წევრის მიერ ფუნქციათა გადასანაწილებელი წილისყრის ჩატარება, მარკირების შემოწმება და სხვა.

გადასატანი საარჩევნო ყუთის პრობლემები

#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #3 უბანზე და #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #21 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის უბანზე დაბრუნებისას აღმოჩნდა, რომ გაცემულ ბიულეტენებს თითო ცალი აკლდა. TI-ის ცნობით, გაჩნდა ეჭვი, რომ ამ ბიულეტენებს ე.წ. კარუსელისთვის იყენებდნენ.

საარჩევნო სიები

TI-ის ცნობით, ბევრ უბანში ზოგიერთი ამომრჩეველი საკუთარ თავს საარჩევნო სიაში ვერ პოულობდა. “ზოგიერთი კი აღნიშნავდა, რომ გარდაცვლილი ადამიანები აღმოაჩინა სიებში”,”-ამბობენ ორგანიზაციაში.

რეკომენდაციები


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს 350 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევდა მონიტორინგს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ ხმის მიცემის პროცესს.