საოლქო საარჩევნო კომისიებში 364 საჩივარი შევიდა – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა.

ცესკო-ს პრესსპიკერ ანა მიქელაძის თქმით, საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 364 საჩივარი. საჩივრები ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ დაიწერა და ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს.

“ამ ხარვეზების ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. ასევე, ორ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების გაბათილება”, – განაცხადა მიქელაძემ.

სხვადასხვა პროცედურული ხარვეზებს შორის მიქელაძემ გამოყო შემდეგი:

“ერთ შემთხვევაში, ამომრჩეველი მივიდა ვადაგასული პირადობის მოწმობით და ცდილობდა ხმის მიცემას. მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ ამომრჩეველს განემარტა, რომ ის ხმას ვერ მისცემდა აღნიშნული დოკუმენტით, ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს მოქალაქის პასპორტის საშუალებით. დანარჩენ 3 შემთხვევაში  ამომრჩევლებს ჰქონდათ უვადო პირადობის მოწმობები, შესაბამისად, მათ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს, ანა მიქელაძის ინფორმაციით, სულ შემოვიდა 1 746 ზარი და 497 შეტყობინება ონლაინ-ჩათის მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.