ამომრჩეველთა აქტივობამ 10:00 საათისთვის 6,15% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 10:00 საათისთვის 6,15% შეადგინა, რაც რიცხვობრივად 215 329 ამომრჩეველია.

ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ მიაწოდა.

ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა, 11%- ამბროლაურში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი, 4,4% კი – ახალქალაქში.

საარჩევნო უბნები მთელი საქართველოს მასშტაბით 08:00 საათზე გაიხსნა. ცესკო-ს ინფორმაციით, სულ გახსნილია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის, 55 – საზღვარგარეთ, 11 კი- გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. ორი საარჩევნო უბანი გახსნილი იყო ავღანეთში იქ მოსამსახურე ქართველი სამხედროებისთვის, სადაც  კენჭისყრა უკვე ჩატარდა და აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ოქტომბერს, საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877, რომელშიც შედიან საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად- საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.

28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად, იმართება თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 6 საარჩევნო უბანზე, სადაც, ჯამში, რეგისტრირებულია 7 925 ამომრჩეველი. შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებულია 8 კანდიდატი (4 თერჯოლაში, 4 სამტრედიაში). საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლებს მხოლოდ 6 საარჩევნო უბანზე გადაეცემათ ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს 25 კანდიდატი, მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი.