ახალი ამბები

შსს: დაკავებულია გორში მოკლული 9 წლის ბავშვის სავარაუდო მკვლელი

26 ოქტომბერი, 2018 •
შსს: დაკავებულია გორში მოკლული 9 წლის ბავშვის სავარაუდო მკვლელი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის ინფორმაციით, გორში მოკლული 9 წლის ბავშვის საქმეზე სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე გორში დააკავეს ერთი პირი. უწყების ინფორმაციით, ის წარსულში ნასამართლევი 34 წლის კაცია.

მინისტრის მოადგილის თქმით, სამართალდამცავებმა შეისწავლეს ბავშვის მოძრაობის მარშრუტი და ამ გზაზე შეამოწმეს ყველა ბინა,  ერთ-ერთ ბინაში კი იპოვეს სისხლის საეჭვო კვალი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა.

“სხვადასხვა მტკიცებულების საფუძველზე ი.ნ. დაკავებული იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით”, – თქვა საბანაძემ. მას არ უსაუბრია მოკლულის სხეულზე არსებულ დაზიანებებსა და მკვლელობის სავარაუდო მოტივზე.

გორში მოკლული 9 წლის ბავშვის საქმეს პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იძიებს. ეს კი  წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

9 წლის ბავშვი 25 ოქტომბერს, საღამოს, გორში მოკლული იპოვეს. თვითმხილველების თქმით, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, თავზე კი პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული. გოგონას მშობლებმა მისი ძებნა გუშინ, შუადღისას დაიწყეს და პოლიციას მიმართეს. სკოლიდან დაბრუნებული ბაშვი მუსიკის გაკვეთილზე წავიდა, თუმცა მუსიკალურ სკოლაში არ გამოჩენილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი