აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი: ვგმობთ თავდასხმის მცდელობას ობამაზე, კლინტონებსა და CNN-ზე

“ვგმობთ თავდასხმის მცდელობას ყოფილ პრეზიდენტ ობამაზე, კლინტონებზე, CNN-სა და სხვებზე. ეს ლაჩრული მოქმედებები ამაზრზენია და მათი ადგილი არაა ამ ქვეყანაში”,- წერს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ტვიტერზე.

პენსის ეს ციტატა გადატვიტა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა და დაწერა: “მთელი გულით ვეთანხმები”. ცალკე განცხადება მას ჯერ არ გაუვრცელებია.

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ამერიკელი პოლიტიკოსების, ჰილარი და ბილ კლინტონების მისამართებზე სავარაუდოდ ფეთქებადი მოწყობილობების გაგზავნას ცდილობდნენ; აქედან მალევე, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს ამერიკული მაუწყებლის, CNN-ის მთავარ ოფისში. რამდენიმე დღის წინ ცდილობდნენ, ბომბი გაეგზავნათ ჯორჯ სოროსისთვისაც.

პენსმა მადლობა გადაუხადა უშიშროების სამსახურსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს “სწრაფი რეაგირებისათვის” და პირობა დადო, რომ დამნაშავეებს პასუხისგებაში მისცემენ.