ახალი ამბები

უკრაინის ავტოკეფალია და ოკუპირებული აფხაზეთი – როგორ უნდა მოიქცეს საქართველო?

19 ოქტომბერი, 2018 • 6656
უკრაინის ავტოკეფალია და ოკუპირებული აფხაზეთი – როგორ უნდა მოიქცეს საქართველო?

უნდა შეიკავოს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერისგან და რა საფრთხეს შეიძლება ელოდოს რუსეთის მხრიდან? სასულიერო პირებისა და თეოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში ოკუპაციის ფაქტორი მხედველობაში მისაღები არ არის, რადგან ქართული ეკლესიის ინტერესები ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ ისედაც დაზიანებულია და კიდევ უფრო მეტად დაზიანება შეუძლებელია.

დავა კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 15 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, სრულად გაწყვიტოს ევქარისტული კავშირი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან. რუსეთის ეკლესიამ ასე უპასუხა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერას მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან და ახლა ცალმხრივ სქიზმაშია ამ უკანასკნელთან. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, თავის მხრივ, ისევ განაგრძობს მოსკოვის პატრიარქის მოხსენიებას ლოცვებში. თუმცა თავად რუსეთის ეკლესია მიიჩნევს, რომ პირიქით, ეს კონსტანტინოპოლი იმყოფება სქიზმაში, რადგან სქიზმატური სტრუქტურები ცნო.

რამდენ ხანს გაგრძელდება და რამდენად შეუქცევადი იქნება განხეთქილება, ჯერ რთულად პროგნოზირებადია. დანარჩენი მართლმადიდებელ ეკლესიების, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია კონსტანტინოპოლის ეკლესიის გადაწყვეტილებაში, მართალია, სამართლებრივად არაფერს ცვლის, მაგრამ მათ არჩევანის გაკეთება მოუწევთ.

ამ დროისთვის მოსკოვს დეკლარირებულად მხოლოდ ოთხი ეკლესია უცხადებს სოლიდარობას. ესენია: ანტიოქიის საპატრიარქო (იგივე სირიის მართლმადიდებელი ეკლესია), სერბეთის საპატრიარქო, პოლონეთისა და ჩეხეთ-სლოვაკეთის ავტოკეფალური ეკლესიები. ოთხივე შემთხვევაში მოსკოვის მხარდაჭერას რელიგიურზე მეტად პოლიტიკური სარჩული აქვს. პოლიტიკურ დისკურსს გვერდს ვერ აუვლის საქართველოს საპატრიარქოც, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას სინოდის უახლოეს სხდომაზე გეგმავს. მანამდე კი, პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა შეამზადა საზოგადოებრივი აზრი, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, მოსკოვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება არასწორი იქნება. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ გადაწყვეტლებას ორივე მხარის არგუმენტების საფუძველზე მიიღებენ. ამასთან, ბოტკოველი მიანიშნებს, რომ რუსეთის არგუმენტები მოისმინეს, კონსტანტინოპოლის კი, ჯერ ვერ.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ 1686 წელს მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტიის ხელდასმის უფლება იკონომიის წესით, ანუ დროებით გადასცა. თეოლოგი გოჩა ბარნოვი განმარტავს, რომ შესაბამისად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სრული უფლება აქვს, კიევში თავისი სტავროპიგია აღადგინოს და შემდეგ ავტოკეფალია მიანიჭოს უკრაინის ეკლესიას. საეკლესიო სამართლის თვალსაზრისით, ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ კონსტანტინოპოლის პრეროგატივაა.

“საქართველოს ეკლესია, ისევე როგორც სხვა ეკლესიები, ამ მომენტში ვერაფერს იტყვიან იმიტომ, რომ ავტოკეფალიის ტომოსი ჯერ გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ თავისთავად ცხადია, საქართველოს ეკლესიამ მხარი უნდა დაუჭიროს კონსტანტინოპოლის სამართლებრივად გამყარებულ გადაწყვეტილებას. რუსეთის მიერ მოყვანილი არგუმენტები არის მხოლოდ მათი ვარაუდები და მეტი არაფერი. მედიაში გავიდა ინფორმაცია, რუსეთში ფიქრობენ, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი არის ასაკში და ის, იმედია, მალე გარდაიცვლება და შემდეგ გაუმჯობესდება ურთიერთობააო. ეს არის უზნეო განცხადება. ის ეკლესიები, რომლებიც დადგებიან რუსეთის ეკლესიის მხარეს, დიდი უზნეობის გვერდზე დადგებიან. რუსეთის გვერდში დგომა როგორც პოლიტიკაში, ისე ეკლესიაში, არის უზნეობა”, – უთხრა ბარნოვმა “ნეტგაზეთს”.

რა შედეგების მომტანი იქნება საქართველოსთვის კონსტანტინოპოლის და რუსეთის ეკლესიებს შორის კავშირის გაწყვეტა? მას შემდეგ, რაც საქართველო დააფიქსირებს პოზიციას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, მაგალითად, თუ მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, ნიშნავს თუ არა ეს რუსეთის ეკლესიასთან კავშირების გაწყვეტას? ბირმინგემისა და მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე ვარაუდობს, რომ სანამ ამ უკვე ტრადიციადქცეული აგრესიული და იმპერიალისტური კურსის გამტარებელია, რომელსაც დღეს პუტინისა და პატრიარქ კირილის “ველიკოდერჟავული” ტანდემი მართავს, მოსკოვის საპატრიარქო ყველა იმ ავტოკეფალურ ეკლესიასთან გაწყვეტს კავშირს, რომლებიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და უკრაინის პოზიციას მიემხრობიან.

“თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული 14 ავტოკეფალური ეკლესიიდან უმრავლესობა კონსტანტინოპოლის მხარეს დადგება. მოსკოვს ჯერჯერობით გამოკვეთილად ოთხი ავტოკეფალური ეკლესია უცხადებს სოლიდარობას: ანტიოქიის საპატრიარქო, ანუ სირიის არაბული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელზედაც ამჟამად დიდია დიქტატორ ასადის რეჟიმის წნეხი, სერბეთის საპატრიარქო. სერბეთშიც კოსოვოს საკითხის გამო უძლიერესია რუსეთის გავლენა და ავტორიტეტი; პოლონეთისა და ჩეხეთ-სლოვაკეთის მცირერიცხოვანი ავტოკეფალური ეკლესიები, რომლებიც, ამ ქვეყნების “გაწითლების” კვალდაკვალ მოსკოვის საპატრიარქოს დიდი გავლენის ქვეშ მოექცნენ 1940-იანი წლებიდან მოყოლებული. კიდევ ვინ შეუერთდება, ან გამოაკლდება რუსული ორბიტას, გამოაჩენს დრო და რუსული სახელმწიფო და საეკლესიო გავლენების შესაძლებლობები”, – ამბობს ჭიღლაძე.

აფხაზეთის ეკლესიის სტატუსი

რუსული ეკლესიის გავლენებიდან და შესაძლებლობებიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბარს აფხაზეთის ეკლესიის საკითხთან მივყავართ. კერძოდ, მოლოდინთან, რომ თუ საქართველოს საპატრიარქო მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, საპასუხოდ რუსეთი აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას აღიარებს. აფხაზეთის საეკლესიო სივრცეში დღეს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი მოქმედებს – აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიო და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია. პირველი მათგანი მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში შესვლასა და კონსტანტინოპოლისგან, ქართული ეკლესიის შემადგენლობიდან გასვლისკენ ისწრაფვის, მეორე – რუსეთთან თანამშრომლობს.

რუსეთის სახელმწიფოსგან განსხვავებით, რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთის ეკლესიას ფორმალურად საქართველოს ეკლესიის ნაწილიდან განიხილავს. თუმცა, ხშირს შემთხვევაში, ამ ფორმალობიდანაც აღარაფერი რჩება – აფხაზეთში რუსეთის ეკლესიის რეალურ გავლენებსა და მღვდლების ხელდასმას რომ თავი დავანებოთ, რუსეთის პატრიარქი თავის მილოცვებშიც კი სრული ტიტულით არ მოიხსენიებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელიც მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსთან ერთად, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტიცაა.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ამბობს, რომ აფხაზეთში რუსეთის საეკლესიო ოკუპაცია ისედაც სახეზეა, აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა შიში, რომ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალურად გამოცხადება აფხაზეთის ეპარქიის საკითხზე იმოქმედებს და აფხაზეთიც მიიღებს ავტოკეფალიას.

“1993 წლის შემდგომ, მას შემდეგ, რაც აფხაზეთზე საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია ძალადობრივად შეწყდა და სეპარატისტების მიერ ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი დანიელი (დათუაშვილი) და ქართველი სამღვდელოება გამოდევნეს, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას უკანონოდ, დე ფაქტოდ მართავდა და მართავს მოსკოვის საპატრიარქო, ჯერ სტავროპოლის ეპარქიის საშუალებით, შემდგომ კი ახლად დაარსებული მაიკოპისა და ადიღეს ეპარქიის რუსი ეპისკოპოსის მიერ, რაც ახლაც გრძელდება”, – ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე. მისივე თქმით,  აფხაზეთის ტაძრებში, გარდა ახალი ათონის მონასტრისა, დადგენილია მათი [რუსული ეკლესიის] სამღვდელოება და მოსკოვის პატრიარქის სახელს მოიხსენიებენ წირვა-ლოცვებში, მოსკოვიდანვე იღებენ მირონს.

დეკანოზ ჭიღლაძის მოსაზრებით, სახეზეა რუსეთის არამხოლოდ სამხედრო, არამედ საეკლესიო ოკუპაცია აფხაზეთში.

“დღეს ზოგიერთებისგან, რომლის უკანაც აშკარად რუსული საინფორმაციო დივერსია იმალება, ვრცელდება მცდარი აზრი და უსაფუძვლო შიში ქართულ საზოგადოებაში, რომ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალურად გამოცხადება იმოქმედებს აფხაზეთის ეპარქიის საკითხზე და აფხაზეთიც მიიღებს ავტოკეფალიას”, – ამბობს დეკანოზი ჭიღლაძე და განმარტავს, რომ ეს სრული სიცრუე და ნონსენსია შემდეგი მოცემულობების გამო:

  1. აფხაზეთი არ წარმოადგენს საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ სახელმწიფოს მაშინ, როდესაც ძლიერი სახელმწიფოებრიობა ავტოკეფალური ადგილობრივი ეკლესიის ჩამოყალიბების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი და მიზეზია ისტორიულადაც და ამჟამადაც;
  2. სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლება ცალსახად რუსული რეჟიმია და ის არ დაუშვებს აფხაზეთის მართლმადიდებლობაში კონსტანტინოპოლის გაძლიერებას და მოსკოვის საპატრიარქოს გავლენების შემცირებას;
  3. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა 2017 წლის დეკემბერში ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში ცალსახად განაცხადა, რომ აფხაზეთის ეპარქია საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიაა და არანაირად არ განიხილება ავტოკეფალიის მინიჭება, ასევე კონსტანტინოპოლისათვის (ან სხვა საპატრიარქოსადმი) მისი მიერთების სურვილი კონსტანტინოპოლის მხრიდან გამორიცხულია. ასევე, კონსტანტინოპოლის მიერ 1990 წელს ბოძებულ საქართველოს ავტოკეფალიის ცნობის ტომოსში ხაზგასმით წერია, რომ საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიაა მთელი საქართველოს რესპუბლიკა. ამდენად, კონსტანტინოპოლი და მის გვერდით მდგომი ძალები არაფერს ჩვენ საწინააღმდეგოდ არ მოიმოქმედებენ მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს საერთაშორისო ცივილიზებული სამყარო. ხოლო ვინ არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ყველამ კარგად ვიცით, ესაა სწორედ რუსეთის სახელმწიფო და მისი საპატრიარქო. რუსეთის პატრიარქმა კირილემ უამრავჯერ მიულოცა სოხუმის და ცხინვალის სეპარატისტ ლიდერებს “დამოუკიდებლობის” დღეები, ანუ საქართველოს დამარცხება, მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის ამოწყვეტა-გამოდევნა და რუსული ოკუპაციის დაწყება;
  4. კურიოზულია 40-მილიონიან უკრაინის გამორჩეულ სახელმწიფოს შევადაროთ პატარა სეპარატისტული აფხაზეთი და მისი მცირე ეპარქია, სადაც მართლმადიდებლობა არცაა აბსოლუტურ უმრავლესობაში და ისლამი, აფხაზური წარმართობა და სომხური სარწმუნოება მას არ ჩამორჩება რაოდენობით;
  5. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს არაფერში სჭირდება საქართველოს საპატრიარქოსა და ქართველი ერის მომდურება და განაწყენება. ეს თუ ვინმეს აწყობს და უნდა, ისევ რუსული ძალებია;
  6. ზოგიერთს არგუმენტად მოაქვს პროკონსტანტინეპოლურად განწყობილი, თავის დროზე რუსებისგან ბერად და მღვდლად ნაკურთხი და მერე მათგან გამდგარი (იქნებ რუსული ფსბ-ს კარნახითაც) აფხაზი სასულიერო პირის, დოროთე დბარის ვიზიტი მსოფლიო პატრიარქთან და ერთობლივად გადაღებული ფოტოები. მაგრამ ოპონენტებს ავიწყდებათ, რომ მსოფლიო პატრიარქთან აუდიენცია ყველა ქრისტიანს მარტივად შეუძლია და არც ფოტოების მასთან გადაღებაა “რჩეულთა” პატივი და ფუფუნება.
  7. საქართველოსთვის და მისი ეკლესიისთვის თუ საიდანმე მოდის საფრთხე, ესაა სწორედ მოსკოვის საპატრიარქო, რომელიც დე ფაქტოდ, ანტიკანონიკურად აკონტროლებს აფხაზეთის ეპარქიას, დაკავებული აქვს აფხაზეთის ყველა მოქმედი ეკლესია-მონასტერი (გარდა ერთისა, ახალი ათონის მონასტრისა) და 15-ამდე მოქმედი მღვდელი ჰყავს დადგენილი აფხაზეთში. მაგრამ მოსკოვის საპატრიარქოს ქმედებებს აფხაზეთის ეპარქიის მისატაცებლად საეკლესიო კანონიკის კუთხით იგივე ფასი აქვს, რაც რუსეთის ხელისუფლების მიერ აფხაზეთის და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმების აღიარებას საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში.

დეკანოზი იხსენებს წარსულსაც, როდესაც 1811-1917 წლებში რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესია ძალადობრივად მიიერთა (დაიპყრო), ხოლო 1917-1943 წლებში ავტოკეფალიის აღდგენას არ აღიარებდა და საქართველოს საპატრიარქოს სქიზმატურ, არაკანონიკურ დაჯგუფებად აცხადებდა. ჭიღლაძის მოსაზრებით, მოსკოვის საპატრიარქო დიდი ხანია უხეშად და ანტიკანონიკურად იჭრება საქართველოს ეკლესიის კანონიკურ სივრცეში და ახორციელებს საეკლესიო ოკუპაციას, რომელსაც თავისუფლად უნდა ეწოდოს მტაცებლობა.

“ამ ყველაფრის შემდეგ მათი მხრიდან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დადანაშაულება უკრაინაში ვითომდა უკანონო შეჭრის გამო, როდესაც თავად არიან ანტიკანონიკურად, საერო ხელისუფლების ხელშეწყობით შეჭრილნი კონსტანტინოპოლის კუთვნილ უკრაინის ეკლესიაში/კიევის მიტროპოლიაში 1685 წლიდან დღემდე, არის ცრუ და დემაგოგიური”, – დასძენს ბირმინგემისა და მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარი.

აფხაზეთის ეკლესიის “უფრო მეტად დაკარგვა” შეუძლებელია თეოლოგ გოჩა ბარნოვის აზრითაც.

“აფხაზეთში ჩვენ მაინც ვერ შევდივართ. რუსეთის პატრიაქრი თავად ნიშნავს მღვდლებს აფხაზეთის ეკლესიაში, წართმეული არ აქვს?! რა უნდა დავკარგოთ ამაზე მეტი?! როგორც კი საქართველო პოლიტიკურად დაიბრუნებს აფხაზეთს, ეკლესიურადაც დავიბრუნებთ. ნონსენსია, რომ ჩვენ სამართლიანობის გვერდით არ დავდგეთ იმის შიშით, რომ ომი არ დაიწყოს რუსეთმა უკრაინის წინაღმდეგ ან ჩვენს წინააღმდეგ”, – განაცხადა ბარნოვმა.

პატრიარქის მდივნის 18 ოქტომბრის განცხადებიდან გამომდინარე თეოლოგი  მიიჩნევს, რომ საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერისგან თავშეკავებისკენ იხრება, რაც, მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგის კიდევ უფრო დაცემას გამოიწვევს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგი, IRI-ის კვლევის თანახმად, 2004 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

IRI-ის კვლევით, ეკლესიის რეიტინგი 2004 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

მასალების გადაბეჭდვის წესი