სოფელ მუღანლოში 15 აპრილს მკვლელობის ფაქტი მოხდა, რამდენიმე დღის შემდეგ, 19 აპრილს კი სოფელში მდებარე სამლოცველო გადაწვეს. ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ეს ორი ფაქტი ერთმანეთს უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში ორი რელიგიური ჯგუფი არსებობს, რომელთაგან ერთი მეჩეთში ლოცულობს, ხოლო მეორე ჯგუფი იმ სამლოცველოში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადაწვეს. პირი, რომელსაც სოფელი მკვლელობაში ადანაშაულებს, სწორედ იმ რელიგიურ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლის წევრებიც სოფლის მეჩეთში აღარ ლოცულობენ.
თუმცა შეიხი აცხადებს, რომ სამლოცველოს გადაწვა მხოლოდ პირად გაუგებრობას უკავშირდება და არა რელიგიურ დაპირისპირებას:
“იქ მომხდარი არასასიამოვნო ამბავი რელიგიურ ნიადაგზე არ მომხდარა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ის პირადული გაუგებრობის შედეგად მოხდა, აქედან გამომდინარე იმ სოფელში რაიმე რელიგიურ დაჯგუფებებზე საუბარიც კი ზედმეტია”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” რამინ იგიდოვმა.
რელიგიურ დაპირისპირებას არ ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძეც:
“მგონი, რომ მსგავს რამეს არ აქვს ადგილი, როგორც მე გავარკვიე. არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, როგორც ჩანს, მე ვცადე ეს ინფორმაცია გადამემოწმებინა და მსგავსი რამ არ დამიდასტურა არავინ”, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამლოცველოს გადაწვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს.
