გარდაბანში სტიქიით დაზარალებულებმა რუსთავის ავტომაგისტრალი გადაკეტეს

13 ოქტომბერს 13:30 საათისთვის გარდაბნის მოსახლეობამ სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით რუსთავის ავტომაგისტრალი დროებით გადაკეტა. ინფორმაცია გაავრცელა გამოცემა ინფო-რუსთავმა.

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას ითხოვს. გასულ ზაფხულს გარდაბანში, სოფელ კრწანისში, ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლები სრულად დატბორა, დაიხოცა შინაური ფრინველი და წვრილფეხა საქონელი, განადგურდა ეზოები და ნათესები. ევაკუაცია დასჭირდა 15-მდე ადამიანს.

მაგისტრალზე აქციაზე იმყოფებოდნენ გარდაბნის მერი და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე.

ინფო-რუსთავის კითხვაზე კობერიძემ განაცხადა, რომ გარდაბნის საკრებულოს უნდა განეხილა სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის საკითხი და დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების “სიები შედგენილია”.

თუმცა მოსახლეობა უკმაყოფილია: მესამე თვე იწურება, რაც სტიქიამ დაგვაზარალაო, უთხრეს მას ადგილობრივებმა.

“ბევრი გამოტოვეს მოსახლეობიდან, ამორჩევით დაარიგეს [კომპენსაციები]”, ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

Info Rustavi-ს ცნობით, ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაბნის მერიამ, მართალია, ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და მცირე თანხით დაეხმარა მათ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. თუკი კომპენსაციებს დროულად არ გასცემენ, მოსახლეობა პერმანენტულ აქციების ჩატარებას გეგმავს.