ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოში ჩამოდის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა. მისი ვიზიტი 20 ოქტომბერს დაიწყება. ამის შესახებ ბოლტონმა ტვიტერზე, პირად ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

“შევხვდები ჩემს კოლეგებსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, რათა განვიხილო ამერიკის ინტერესები უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე” – წერს ბოლტონი.

On October 20th I’ll be travelling to Russia, Azerbaijan, Armenia, and Georgia to meet with my counterparts and other senior officials to advance American interests on a range of security issues.

— John Bolton (@AmbJohnBolton) October 11, 2018

ჯონ ბოლტონი ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც მან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) გააფრთხილა, შეწყვიტოს ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებების გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ მკაცრ სანქციებს აამოქმედებს სასამართლოს პროკურორებისა და მოსამართლეების მიმართ. კერძოდ, გაყინავენ მათ ანგარიშებს აშშ-ში, აუკრძალავენ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას და ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით მათ წინააღმდეგ დაიწყება გამოძიება.

ტრამპის მრჩევლის ეს განცხადება საინტერესოა იმითაც, რომ სწორედ ICC-ის პროკურორი ფატუ ბენსუდა იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებს. ფატუ ბენსუდა ამ საქმის გამოსაძიებლად და მოწმეების დასაკითხად უკვე არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში.

აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციებით ემუქრება