პროკურატურის განცხადება საფაროვის შესაძლო ქსენოფობიურ მკვლელობაზე

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე მუხლი დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში გადაკვალიფიცირდება.

ამ დროისთვის ორი პირია დაკავებული, რომელთაგანაც ერთ-ერთს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას (დამამძიმებელი გარემოებების გარეშე), ხოლო მეორე დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს ამავე კოდექსის, 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ჩართულობის და განვითარების ცენტრი და ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევენ, რომ საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რადგან საქმის გარემოებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-მუხლით ჩადენილი დანაშაული. კერძოდ, როგორც ორგანიზაციები აცხადებენ, ვიტალი საფაროვის მკვლელობა არის ჩადენილი ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.

ჩართულობის და განვითარების ცენტრი და ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებენ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ყურადღება გაამახვილოს და უზრუნველყოს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აწარმოოს შესაბამისი კვალიფიკაციით.

ორგანიზაციების განცხადებით, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დაადგინოს, თუ რა იყო მკვლელობის ჩადენის მოტივი, იკვეთება თუ არა სიძულვილის მოტივი. აღნიშნულის დადგენა ხელს შეუწყობს სრულყოფილი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას.

უფლებადამცველების განცხადებით, მკვლელობის მოწმეებთან გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ არაერთხელ შეატყობინეს საინფორმაციო ცენტრ 112-სა და კრიმინალურ პოლიციას, დაკავებული ბრალდებულების მიერ ჩადენილ მსგავს ძალადობის შემთხვევებზე, მაგრამ შეტყობინებებზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

“შემაშფოთებელია, რომ ბრალდებულების მიერ სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი აქტები აქამდე რეაგირების გარეშე რჩებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქსენოფობიური, ფაშისტური ჯგუფების აქტიურობა და სიძულვილის გაღვივება დღეისათვის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს,” – აცხადებს HRIDC.

ჩართულობის და განვითარების ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვიტალი საფაროვთან კონფლიქტისა და მისი მკვლელობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია იყოს ის, რომ საფაროვი ბარში სტუმრებს არ ესაუბრებოდა სახელმწიფო ენაზე.

როგორც კონფლიქტის თვითმხილველი პირები აცხადებენ, კონფლიქტის დროს საუბარი ეხებოდა სამშობლოსა და ქართველობას. ამის გათვალისწინებით, ორგანიზაციების განცხადებით, ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ძალადობა, სავარაუდოდ, განხორციელდა ქსენოფობიურ ნიადაგზე, რაც გულისხმობს უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშს ან/და სიძულვილს.

2018 წლის 30 სექტემბერს უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 25 წლის ასაკში მოკლეს. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩართულობის და განვითარების ცენტრში” მუშაობდა. მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

ვიტალი საფაროვი, სავარაუდოდ, ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლეს – HRIDC