პოლიციელების მიერ მოქალაქის სავარაუდო წამებისთვის დღემდე არავინაა ბრალდებული — საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მოქალაქე “ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე დღემდე ბრალდებულად არავინაა ცნობილი”, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას შეუძლია, კონკრეტულ პოლიციელებს წაუყენოს ბრალი.

ხოფერია 2017 წლის 16 თებერვალს პოლიციის თანამშრომლებმა, საიას შეფასებით, “ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე” გადაიყვანეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში, სადაც იგი პოლიციელების მხრიდან “არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა”.

მისი განმარტებით, პოლიციელები სთხოვნენ, ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, თან ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. იგი მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გაარკვიეს, რომ ხოფერია შეცდომით ჰყავდათ დაკავებული სხვა ადამიანის ნაცვლად.

ამჟამად ფაქტს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს.  როგორც საია აცხადებს, გამოძიების ფარგლებში მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც “პირდაპირ დასტურდება პოლიციელთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი”. კერძოდ, მათი ინფორმაციით, გამოძიების მიერ უტყუარადაა დადგენილი, რომ:

ახალგაზრდა იურისტებით შეფასებით, შეგროვებული მტკიცებულებები იძლევა საკმარის საფუძველს პოლიციელთა მიმართ ბრალის წასაყენებლად, თუმცა პროკურატურა დღემდე არ ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და არ იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას შესაბამისი პირების მიმართ.

საია პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ სისხლისსამართლებრივი დევნა ხოფერიას მიმართ ჩადენილი წამებისა და სხვა დანაშაულების ფაქტებზე.