ენმ უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის და არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითხოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შრომითი და მუდმივი ცხოვრების ნებართვების, ასევე, არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითხოვს.

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებულია “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ “ქვეყნის იმიგრაციის არსებული პოლიტიკის შენარჩუნება უახლოეს მომავალში საფრთხეს შეუქმნის სოციალურ სტაბილურობას და გამოიწვევს საქართველოს პოლიტიკური სივრცის რადიკალიზაციას”.

“დღეს არსებული პოლიტიკის შედეგად ძირითადად ხდება უცხო ქვეყნის სიდუხჭირეში მყოფი მოქალაქეების მიგრირება და ის ნაკლებად ემსახურება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას. საქართველოში იმიგრაციის ტემპები საკმაოდ მაღალია. არსებული კანონი საკმაოდ დაბალ თანხობრივ მოთხოვნებს უწესებს ბინადრობის მოწმობის მიმღებ უცხო ქვენის მოქალაქეებს, რაც ვერ ჰპოვებს დადებით ასახვას საქართველოს ეკონომიკაზე”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმად:

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა, კენჭისყრა კი მომდევნო სხდომაზე ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესის გართულებას ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების – გოჩა ენუქიძისა და ილია წულაიას მიერ ინიცირებული კანონპროექტიც. კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მეორე მოსმენით 11 ოქტომბრამდე უნდა განეხილა, თუმცა კომიტეტმა განხილვის ვადის ერთი თვით გახანგრძლივება ითხოვა.