გლდანში ქარისგან მოგლეჯილი ხე ადამიანს დაეცა

გლდანში, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რის შედეგადაც სხეულის დაზიანებები მიიღო ქუჩაში მიმავალმა ერთმა მოქალაქემ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ძლიერი ქარის გამო ყველაზე მეტი – 5 შეტყობინება, სწორედ გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან შევიდა 112-ში, სადაც წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომანქანები დააზიანა. ასევე, ძლიერმა ქარმა თემქის დასახლებაში ერთ სახლს გადახადა სახურავი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დედაქალაქში ძლიერი ქარის გამო ამ დროისთვის სულ შესულია10 შეტყობინება. მათივე ინფორმაციით ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა ძირითადად ავტომანქანები დააზიანა.

ხის წაქცევამ 1 ავტომანქანა დააზიანა ისანი-სამგორის რაიონშიც. ხე წაიქცა ჩუღურეთის რაიონშიც, თუმცა ამას ზიანი არ გამოუწვევია. ასევე, ორი გამოძახება დაფიქსირდა მთაწმინდა-კრწანისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, მეხანძრე-მაშველებმა ყველა შემთხვევაზე უკვე მოახდინეს რეაგირება.