აშშ, ბრიტანეთი და ნიდერლანდები რუსეთს გლობალურ კიბერთავდასხმებში ადანაშაულებენ

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის 7 მოქალაქე, რომლებიც ამავდროულად “გრუ”-ს აგენტები არიან, კიბერთავდასხმებთან არიან დაკავშირებული.

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიბერშეტევების სამიზნე გახდა ქიმიური ლაბორატორიები, მათ შორის, შვეიცარიის ლაბორატორია, სადაც სკრიპალების მომწავლავი ნივთიერების კვლევა მიმდინარეობდა. კიბერშეტევების სხვა სამიზნეებს წარმოადგენდა ასევე სპორტული ორგანიზაციები- “ფიფა” და მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 7-დან 3 პირი ასევე ფიგურირებდა რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნების სავარაუდო ჩარევის საქმეში, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ დღევანდელი ბრალდებები წინა გამოძიებასთან კავშირში არ არის.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებას წინ უძღოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიდერლანდების სპეცსამსახურებმა რუსეთის 4 მოქალაქის მიერ ჰააგაში მდებარე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე ჰაკერული შეტევა აღკვეთეს. შემთხვევა, რომლის შესახებაც დღეს გახდა ცნობილი, 2017 წლის აპრილში მოხდა და ნიდერლანდების მხარის ინფორმაციით, ГРУ-ს მიერ იყო ორგანიზებული. ნიდერლანდებმა რუსეთის ოთხივე მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა.

უფრო ადრე გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ “გრუს” აგენტები დაადანაშაულა რუსეთსა და უკრაინაში არსებულ კომპანიებზე, აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაზე და ბრიტანეთის ერთ-ერთ მცირე ინტერნეტტელევიზიაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებში.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეისა და მისი ჰოლანდიელი კოლეგის, მარკ რუტეს ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ “გრუ უგულებელყოფს საერთაშორისო ფასეულობებს და წესებს, რომლებიც ყველას უსაფრთხოებას იცავს”.

მოსკოვმა ბრალდებები უარყო და “დასავლური ჯაშუშომანია” უწოდა.