მამალაძის საქმის განაჩენები არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმეში მნიშვნელოვან პროცესუალური და მატერიალურ-სამართლებრივი ხარვეზების შესახებ საუბრობს.

EMC-ის თქმით, აღნიშნული დარღვევები მთლიანობაში აჩვენებს დეკანოზის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისა და განაჩენში ბრალდების აშკარად სუსტი დასაბუთების პრობლემას.

ორგანიზაცია შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით მხარს დაუჭერს დეკანოზ გ. მამალაძის უფლების დაცვის პროცესს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, დამდგარი განაჩენების ანალიზი საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევის რამდენიმე ფუნდამენტურ პრობლემას აჩვენებს, მათ შორის:

“გ. მამალაძის დაკავება განხორციელდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მას შემდეგ, რაც მან საპასპორტო კონტროლი გაიარა და ბარგი ჩააბარა. საგამოძიებო ორგანოს მიერ ბარგის ამოღება მსჯავრდებულის დაუსწრებლად, ვიდეოგადაღების გარეშე განხორციელდა და ბარგი მას დაკავებიდან დაახლოებით ცხრა საათის შემდგომ წარედგინა.

ბარგის წარდგენის შემდგომ, საგამოძიებო ორგანომ დათვალიერება კვლავ ვიდეოგადაღების გარეშე განახორციელა და განაჩენების თანახმად, სწორედ ამ დროის იქნა აღმოჩენილი დანაშაულის საგანი (ციანიდი), რაზეც მსჯავრდებულმა მიუთითა, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა და სავარაუდოდ ჩაუდეს,” – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

მათივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გ. მამალაძის კუთვნილი ბარგის აეროპორტის სკანერში გატარებისას არ დაფიქსირდა დანაშაულის საგანი. დაცვის მხარის განმარტებით, მათ მოწმეს შეეძლო სასამართლოსთვის დაედასტურებინა, რომ სკანერის მეშვეობით მცირე ზომის, საეჭვო ნივთების აღმოჩენა შესაძლებელი იყო. თუმცა აღნიშნულის შესაძლებლობა მათ სასამართლოში არ მიეცათ, რადგან მოსამართლემ მოწმის სრულყოფილად დაკითხვის შესაძლებლობა არ შექმნა.

გარდა ამისა, EMC ხაზს უსვამს, რომ ბრალდების მხარემ არ უზრუნველყო აეროპორტში განთავსებული ვიდეოჩანაწერების ამოღება და გ. მამალაძის ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ ამის საშუალება მათაც არ მისცა.

“ამასთან ერთად, განაჩენების მიხედვით, საგამოძიებო ორგანოები გიორგი მამალაძის დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე მის მიმართ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ, თუმცა არ დაუდგენიათ, ვისგან და როდის შეიძინა გიორგი მამალაძემ დანაშაულის საგანი. აღნიშნული გარემოება მით უფრო მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც საქმის მთავარმა მოწმემ, რომელიც უთითებდა, რომ მამალაძემ მას სთხოვა ციანიდის მოძიება, სასამართლოს წინაშე არ დაადასტურა, რომ მსჯავრდებულმა ციანიდი მისგან შეიძინა,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, მითითებული პროცესუალური დარღვევებიდან გამომდინარე, სასამართლოებს ეჭვი უნდა შექმნოდათ წარმოდგენილი მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით, თუმცა არცერთი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული საკითხი არ შეაფასა, რითაც დაარღვია ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის შესახებ კონსტიტუციური პრინციპი.

როგორც EMC განმარტავს, ორივე განაჩენში დაცვის მხარის კრიტიკაზე, რომ პროკურატურამ არ უზრუნველყო ცალკეული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება, ამ უკანასკნელის საფუძველზეც ბრალდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები არ მოიპოვეს. სასამართლოები ღიად უთითებენ, რომ სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რის გამოც დაცვის მხარეს თავად შეეძლო განეხორციელებინა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და შედეგები სასამართლოსთვის წარედგინა.

“მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეთათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას, თუმცა არ გულისხმობს მტკიცების ტვირთის გადატანას დაცვის მხარეზე, რაც არსებითად დაარღვევდა მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარისთვის დაკისრების კონსტიტუციურ პრინციპს,”- ამბობს ორგანიზაცია.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მამალაძის საქმეში სასამართლო  სრულად უკეთებს იგნორირებას ბრალდების ტვირთის განაწილების აღნიშნულ პრინციპს და ნაცვლად იმისა, რომ შეაფასოს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ადასტურებს თუ არა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის ბრალეულობას, მსჯელობს იმის თაობაზე, წარადგინა თუ არა დაცვის მხარემ გამამართლებელი მტკიცებულებები.

ზემოთ აღნიშნული დარღვევების გათვალისწინებით, EMC მიიჩნევს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული განაჩენები არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს. საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი ხასიათის მტკიცებულება ეროვნული კანონმდებლობისა და ჩხრეკასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა სტანდარტის დარღვევით არის მოპოვებული, რაც მთლიანობაში უთითებს გ. მამალაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე.

“საქმეზე საჯაროობის სრულმა და თვითნებურმა შეზღუდვამ ბრალდების მხარე უთანასწორო მდგომარეობაში ჩააგდო და საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, პროცესზე საჯარო კონტროლი შეზღუდა, რაც ცხადია, არსებითად აზიანებს საზოგადოების ნდობას სასამართლოს სისტემის მიმართ,” – დასძენს ორგანიზაცია.