პრემია-დანამატები შეიზღუდა, თუმცა ჩინოვნიკები ჯამურად მაინც იგივე თანხას იღებენ – IDFI

IDFI-ის კვლევის მიხედვით, შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის პირობებშიც, თანამდებობის პირების უმეტესობას თანამდებობის სარგოს სახით შეუნარჩუნდა იმ ოდენობის შრომის ანაზღაურება, რაც წლების განმავლობაში გაიცემოდა.

კერძოდ, თანამდებობის პირთა უმრავლესობას ყოველთვიურ სარგოდ განესაზღვრა დაახლოებით იმავე ოდენობის თანხა, რასაც ისინი კანონის მიღებამდე ჯამურად იღებდნენ სარგოს, პრემიისა და დანამატის სახით.

საქართველოს პარლამენტმა “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონი 2017 წლის 22 დეკემბერს მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების საკითხი განისაზღვრა. ახალი კანონის მიხედვით, მნიშვნელოვნად შეიზღუდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა. კერძოდ, წლის განმავლობაში გაცემული სახელფასო დანამატის მაქსიმალური ოდენობა შემოიფარგლა წლიური სარგოს 20%-ით, ხოლო ფულადი ჯილდო- წლიური სარგოს 10%-ის ოდენობით. ამასთან, სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებზე როგორც სახელფასო დანამატების, ასევე, პრემიების (ფულადი ჯილდო) გაცემა აიკრძალა. IDFI-ის შეფასებით, ახალი კანონის პირობებში გამოწვევად იქცა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის კოეფიციენტების ახალი სისტემა, ასევე ის, რომ კანონის მოქმედება მთელ რიგ უწყებებზე და თანამდებობებზე არ გავრცელდა.

IDFI-მ შეისწავლა 100-მდე საჯარო დაწესებულებიდან (პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პარლამენტის აპარატი, სამინისტროები, სამინისტროებს დაქვემდებარებული და სხვა დამოუკიდებელი სსიპ-ები) მიღებული საჯარო ინფორმაცია ახალი კანონის ძალაში შესვლამდე და ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედი საშტატო ნუსხებისა და თანამდებობის პირებზე საანგარიშო პერიოდში გაცემული შრომის ანაზღაურების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ: