რეფორმა საპროცესო შეთანხმების საკითხში

 მთავრობის სხდომის შემდეგ, მედიასთან საუბარში თეა წულუკიანმა, იუსტიციის მინისტრმა საპროცესო შეთანხმების რეფორმის შესახებ განაცხადა:  

 

 

„კანონპროექტი ითვალისწინებს იმას, რომ პროკურორსა და ბრალდებულს შორის როდესაც იქნება მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების შესახებ, აუცილებლად უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი, რაც არის სიახლე. ოქმში ასახული იქნება, თუ რაზე შედგა მოლაპარაკება, რაზე შეთანხმდნენ მხარეები და ოქმი დადასტურებული იქნება მხარეების მიერ. ეს, ერთი მხრივ, არის პროკურორის ინტერესში, მეორე მხრივ, ბრალდებულის, რათა მათ კონკრეტულად წერილობითი დოკუმენტის ფარგლებში იცოდნენ, რაზე თანხმდებიან და მოლაპარაკებების პროცესი იყოს გამჭვირვალე. გარდა ამისა, როდესაც საპროცესო შეთანხმება არ იგზავნება დასამტკიცებლად სასამართლოში, მოსამართლეს ვალდებულება ექნება, განუმარტოს ბრალდებულს იმ სამართლებრივი შედეგების შესახებ, რასაც გამოიწვევს საპროცესო შეთანხმების დადება, კერძოდ, ის, რომ ის ჩაითვლება ნასამართლევად და აღარ ექნება საშუალება, არსებითად განიხილოს თავისი სისხლის სამართლის საქმე, თანმდევი შედეგები მისთვის იქნება ცნობილი,”- განაცხადა მინისტრმა მედიასთან საუბრის დროს. 

 

გარდა ამისა, წულუკიანის თქმით, ფართოვდება დაზარალებულის უფლებების საპროცესო შეთანხმების დადების ფარგლებში და დაზარალებულს საშუალება ექნება, იმყოფებოდეს სასამართლო დარბაზში, გამოთქვას თავისი მოსაზრება, ან წერილობით წარუდგინოს მოსამართლეს.