“მეზობელმა შვილივით გაზრდილი ძაღლი მომიკლა” – შსს-მ ძაღლის მკვლელი უკვე გამოკითხა

დღეს, 24 სექტემბერს, გარდაბნის რაიონში, სოფელ გამარჯვებაში, მეზობელს მეზობელმა ძაღლი საფანტის თოფით მოუკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ძაღლის მკვლელი იდენტიფიცირებულია და პოლიციამ ის უკვე გამოკითხა.

“ეს რა დილა გათენდა, ღმერთო! ეს რა იყო… ცუდად ვიყავი წუხელ, ფეხზე ვერ ვდგებოდი. დილით გასროლის ხმამ წამომაფეთიანა, წკმუტუნი მომესმა; წამოვხტი და ეს სურათი შემრჩა ხელში. არადა, დილას ავუშვი ჯუნა და ეგრევე მეზობელთან გადასულა, რომელმაც საფანტი ესროლა და დაუცხრილა უკან მხარე. წამებში მოკვდა, ვერ მოვასწარი ჩახუტებაც კი…

შვილივით გაზრდილი ძაღლი მომიკლეს იმის გამო, რომ თურმე ქათმები შეუჭამა. არადა, დარწმუნებული ვარ, უბრალოდ, ისე გადადიოდნენ… არანაირი ბუმბულის კვალი არ ეტყობა ჯუნას.

სიცოცხლე აღარ მინდა, აღარ! ეს რა ხდება?! ავუნაზღაურებდი, რაც შეუჭამა, თუ შეუჭამა საერთოდ. რა გავაკეთო ასეთი მეზობლების ხელში? არადა, მორწმუნე ხალხია – ეკლესიურები. აი, რა გააკეთა!

მაპატიე, ჯუნა… მკვლელებისგან ვერ დაგიცავი, ჩემო პატარა. ეს რა დღე გაგითენდა, სიმწრით სავსე… ნეტა, მე მომხვედროდა ის ტყვიები, მე მეგრძნო ის ტკივილი, რაც შენ იგრძენი იმ წამს.”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდიანრეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც სიკვდილი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.

ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ მსგავს სისასტიკეებთან ბრძოლა მხოლოდ მკაცრი კანონით არის შესაძლებელი. მოქალაქეები უკვე წლებია ხელისუფლებას სთხოვენ ცხოველთა წამებისა და სასტიკი მოპყრობის პრევენციისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას. თუ ეთანხმებით ამ მოთხოვნას, გააზიარეთ ინფორმაცია ჰეშტეგით: #მიიღეკანონი

ჯუნა და შორენა