ახალი ამბები

ტყუილია, რომ ირანელების მოთხოვნით ვაშლიჯვრის ეკლესიაში ზარებს აღარ რეკენ

23 სექტემბერი, 2018 • 25514
ტყუილია, რომ ირანელების მოთხოვნით ვაშლიჯვრის ეკლესიაში ზარებს აღარ რეკენ

გუშინ, 22 სექტემბერს, სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს თბილისში მცხოვრები ირანელების შეტყობინების საფუძველზე, პოლიციამ ვაშლიჯვრის ეკლესიაში ზარების რეკვის პროცესი შეზღუდა.

ფეისბუქ პოსტში ვკითხულობთ:

ინფორმაცია თავიანთ გვერდზე ფეისბუქის სხვა მომხმარებლებმა და გვერდებმაც განათავსეს. ცნობა სწრაფად გავრცელდა ფეისბუქ ჯგუფებშიც და ერთ-ერთი გაზეთის ვებგვერდზეც, სადაც ის ათობით ათასმა ადამიანმა ნახა.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში არათუ არ ადასტურებენ ცნობას, რომ თითქოს პოლიციამ ვაშლიჯვარში მდებარე ეკლესიაში ზარების რეკვის პროცესს ხელი შეუშალა, არამედ აცხადებენ, რომ ამ მოთხოვნით შეტყობინა 112-ში საერთოდ არ შესულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ვაშლიჯვრის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიამაც გაავრცელა. ტაძრის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ღვთისმსახურების პროცესისთვის ხელის შეშლის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რაიმე პრობლემით მათთვის არავის მიუმართავს.

“ნეტგაზეთი” ფეისბუქის იმ მომხმარებელთან დაკავშირებასაც შეეცადა, რომელმაც დეზინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა, თუმცა პასუხი მისგან, ჯერჯერობით, არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი