მაია ფანჯიკიძე: რუსეთის მხრიდან თითქოს არსებობს იმის მზაობა, რომ პროვოკაციები შეწყდეს

 

“ჟენევაში შეხვედრა გვქონდა რუსეთის მხარესთან, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი კარასინი წარმოადგენს, ჩვენი მხრიდან იქ იყო ბატონი დავით ზალკალიანი, ჩემი პირველი მოადგილე. ეს საუბარი მაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვა: არსებობს ასეთი მზაობა”, – უთხრა ფანჯიკიძემ ნეტგაზეთს. “ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, – აღნიშნა მან.

 

28 მარტს ტელეკომპანია “თრიალეთმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ორჭოსანში მისასვლელ გზაზე, თბილისი–სენაკი–ლესელიძის მაგისტრალიდან 300 მეტრის მოშორებით განათავსეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტი, რომელიც მოსახლეობას აუწყებს, რომ იქით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა და გადაადგილება აკრძალულია. თრიალეთის ინფორმაციით, აღნიშნული ტრაფარეტის დანახვა ავტობანის ორჭოსანის მონაკვეთზე მიმავალი ავტომობილიდანაც თავისუფლად შეიძლება. საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს შეკითხვა ამ საკითხზეც დაუსვეს:

 

“რა მნიშვნელობა აქვს ავტობანთან ახლოს არის თუ შორის?! ფაქტია, რომ ეს არის არალეგიტიმური, ისევე როგორც მავთულხრათების, ბარიერების და ხელოვნური საზღვრების გავლების პროცესი. ეს აბსოლუტურად არალეგალურია. ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვითქვამს, ბევრი განცხადება გაგვიკეთებია.  ადამიანის უფლებები ყოველ წუთას ირღვევა, მართლაც მძიმე მდგომარეობაა ამ სოფლებში.  ეს ყველაფერი დაგმობილია საერთაშორისო თანამეგრობობის მიერ. რუსეთს მუმდივად მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს მავთულხლართების გაბმა და ამ ნიშნების ჩასმა ოკუპირებული ხაზის გასწვრივ და მე იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ამას ბოლო მოეღება და იქ ყველაფერი საერთაშორისო ნორმების მიხედვით აღდგება”, – აღნიშნა მინისტრმა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ორჭოსანთან, ავტობანის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტი  რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყების მტკიცებით, ბოლო 3–4 თვის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მხრიდან მსგავსი ტიპის აქტივობა არ დაფიქსირებული, ხოლო ხსენებული ტრაფარეტი არა ახლა, არამედ რამდენიმე თვის წინ დაამონტაჟეს. ამ საკთხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

 

მაია ფანჯიკიძის თქმით კი, ეს თემა, რომელსაც დასავლეთში ე.წ. ბორდერიზაციად მოიხსენიებენ, ჟენევის მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი ასპექტი იყო:

 

“ჩვენ არ ვაპირებთ სიტუაციის გამწვავებას და ამ პროვოკაციაზე განსაკუთრებული რეაქციიის გაკეთებას, გარდა დიპლომატიური გზებისა”.