ახალი ამბები

ამერიკელების დელეგაცია IBSU-თან დაკავშირებით შესაძლოა პარლამენტის წევრებს შეხვდნენ

18 სექტემბერი, 2018 • 2707
ამერიკელების დელეგაცია IBSU-თან დაკავშირებით შესაძლოა პარლამენტის წევრებს შეხვდნენ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აშშ-იდან  დელეგაციას მასპინძლობს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, სამკაციანი ჯგუფი საქართველოში 16-21 სექტემბრის ჩათვლით დარჩება.

IBSU- ში აცხადებენ, რომ ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების, განათლების ექსპერტებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრას.

უნივერსიტეტის ცნობით, დელეგაციის წევრები იმ კომისიის წევრები არიან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში განათლებასთან დაკავშირებით პრობლემურ საკითხებს სწავლობენ და შემდგომ ამერიკის დიპლომატიური წრეებისთვის ამზადებენ ანგარიშს.

დელეგაციის ერთ-ერთი წევრის, ტომ ტეილორის განცხადებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკითხს ამერიკელ დიპლომატებს გააცნობენ. IBSU-ში აცხადებენ, რომ ტეილორი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრია, რომელიც ამჟამად MARTOC-ის კომიტეტის თავმჯდომარეა.

”პრობლემების გამოკვლევის შემდგომ, ამ საქმის მასალებს ამერიკელ დიპლომატებს გავაცნობთ. ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას გაეროს სხდომაზე, სადაც ჩვენც დავესწრებით, მსგავსი პრობლემების წინ წამოწევა და მათ შესახებ მსჯელობა,” – აცხადებს ტომ ტეილორი.


ავტორიზაციის საბჭომ 20 აგვისტოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება, რის მიზეზადაც  სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა.

26 აგვისტოს IBSU-მ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება გადაიხადა. მანამდე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საბანკო ამონაწერი გაასაჯაროა, სადაც დეპოზიტზე დავალიანების დასაფარი თანხა იყო. IBSU-ში აცხადებდნენ, რომ საბანკო ამონაწერი ავტორიზაციის საბჭოსაც წარუდგინეს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები თავს იკავებენ საქმის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზე საუბრისგან, თუმცა IBSU-ს მხარდამჭერთა ნაწილი აღნიშნულ ეჭვს არ მალავს. პოლიტოლოგ გია ნოდიას მიაჩნია, რომ პროცესში საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლად არ მოქმედებს. საბჭოს ხისტი გადაწყვეტილება, პოლიტოლოგს ეჭვს უმყარებს, რომ მოვლენები, შესაძლოა, დემირელისა და შაჰინის სკოლების დახურვით დაწყებული პროცესის გაგრძელება იყოს, რომელშიც თურქეთის ხელისუფლების გავლენა იგრძნობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი