ისრაელი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას ასადის რეჟიმს აკისრებს

ისრაელი მწუხარებას გამოთქვამს რუსული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრების დაღუპვის გამო და მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის რეჟიმს აკისრებს.

“ისრაელი მწუხარებას გამოთქვამს სირიის საზენიტო საშაულებების მიერ ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრების დაღუპვის გამო. ისრაელი ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს ასადის რეჟიმს, რომლის სამხედროების მიერაც იყო ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავი”, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ Twitter-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Israel expresses sorrow for the death of the aircrew members of the Russian plane that was downed tonight due to Syrian anti-aircraft fire.
Israel holds the Assad regime, whose military shot down the Russian plane, fully responsible for this incident.

— Israel Defense Forces (@IDFSpokesperson) September 18, 2018

რუსული IL-20, რომლის ბორტზეც 15 ადამიანი იმყოფებოდა, სირიის თავდაცვის ძალებმა შეცდომით მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც ისინი ხმელთაშუა ზღვიდან განხორციელებულ, სავარაუდოდ, ისრაელის საჰაერო ძალების F-16 ტიპის გამანადგურებლების იერიშს იგერიებდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა.

“ისრაელის უპასუხისმგებლო ქმედებების გამო 15 რუსი სამხედრო დაიღუპა. ეს საერთოდ არ ჯდება რუსეთ-ისრაელის პარტნიორულ ურთიერთობებში”, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა და დასძინა, რომ რუსეთი “იტოვებს უფლებას, ადეკვატური საპასუხო ნაბიჯები გადადგას”.

მისი თქმით, ისრაელის მფრინავები რუსულ თვითმფრინავს ამოეფარნენ და ამით სირიის თავდაცვის ძალები დარტყმის ქვეშ დააყენეს.

ინციდენტის შემდეგ სატელეფონო საუბარი შედგა ისრაელისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის.

ასადის რეჟიმის სამხედრო ობიექტების დაბომბვა ჩრდილოეთ სირიაში, კერძოდ, ლატაკიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი და თურქეთი იდლიბის რეგიონში ბუფერული ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ.