შსს-ს კანონპროექტი მარიხუანის წარმოებასა და კონტროლზე – სრულად

საქართველოს პარლამენტმა მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტი გამოაქვეყნა.

კანონპროექტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შეიქმნება სპეციალური სააგენტო, რომლის მიზანიც იქნება მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება და კონტროლი.

ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის წესს საქართველოს მთავრობა ადგენს, ხოლო აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშწორების წესს, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონის პრინციპების დაცვით, ადგენს სააგენტო. ლიცენზია მხოლოდ 5 წლის ვადით გაიცემა.

კანონპროექტი კრძალავს კანაფის ინდუსტრიაში 21 წლამდე ასაკის პირების ჩართვას/დასაქმებას.

კონკრეტულად, რაში რამდენი ლარი დაგჭირდებათ, თუ მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის წარმოებითა და მისი ნაწარმის ექსპორტზე გატანით დაინტერესდებით:

  1. სამედიცინო მიზნით კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია – 25 000 ლარი;
  2. სამრეწველო მიზნით კანაფის დათესვის, მოყვანის და კულტივირების ლიცენზია – 25 000 ლარი;
  3. სამედიცინო მიზნით კანაფის გადამუშავების ლიცენზია – 25 000 ლარი;
  4. სამრეწველო მიზნით კანაფის გადამუშავების ლიცენზია – 25 000 ლარი;
  5. კანაფის/გადამუშავებული კანაფის ან/და მისგან დამზადებული პროდუქციის გადაზიდვის ლიცენზია – 25 000 ლარი;
  6. კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების ლიცენზია – 25 000 ლარი;
  7. კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ლიცენზია – 25 000 ლარი;
  8. სამედიცინო მიზნით გადამუშავებული კანაფის ან/და კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის ლიცენზია – 25 000 ლარი;
  9. სამრეწველო მიზნით გადამუშავებული კანაფის ან/და კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია – 25 000 ლარი;
  10. სამრეწველო ან/და სამედიცინო მიზნით კანაფის თესლის ან/და ნერგის იმპორტის ლიცენზია – 25 000 ლარი.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, ლიცენზიის მფლობელს მხოლოდ პარფიუმერულ-კოსმეტიკური მიზნებისთვის შეუძლია მარიხუანის მოყვანა და კულტივირება. კანონპროექტის მიხედვით, მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანის ან კულტივაციისთვის, წარმოებისთვის დადგენილი ქვეყნის შიდა კვოტა, დასაშვები ტერიტორიები და მათი შერჩევის კრიტერიუმები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტის სრულ ვერსიას კანაფის კონტროლის შესახებ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს: