ევროპის ახალი სამეზობლო ინსტრუმენტი 15.4 მილიარდი ევროს ბიუჯეტით ამოქმედდა

ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი შეცვლის ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტს და ხელს შეუწყობს პოლიტიკურ ინიციატივათა განხორციელებას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის – ევროკავშირსა და მის აღმოსავლელ მეზობლებს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ასევე, დემოკრატიისა და საზიარო კეთილდღეობისათვის პარტნიორობის და ხმელთაშუა ზღვის კავშირის (ევროკავშირის სამხრეთის სამეზობლოს) ფარგლებში.

 

ორმხრივი, რეგიონული და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამების მეშვეობით აღნიშნული ინსტრუმენტი უზრუნველყოფს მნიშვნელოვან დაფინანსებას მეზობელი ქვეყნებისათვის.

 

რეგულაცია აყალიბებს ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტს ევროკავშირსა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მის 16 პარტნიორს შორის “საზიარო კეთილდღეობისა და კარგი მეზობლური ურთიერთობების შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარების მეშვეობით, რომელიც დაეფუძნება თანამშრომლობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობას და ერთგულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა საზიარო ფასეულობების მიმართ.”

 

ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის შესახებ რეგულაცია მოიცავს პრინციპს “მეტი მეტისთვის”, რომელიც გულისხმობს, რომ ევროკავშირის დახმარება “იქნება მოტივაციაზე დაფუძნებული და დიფერენცირებული ფორმით და გამოყოფილი თანხების მიხედვით”, რა დროსაც გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა ელემენტი, როგორიც არის ერთგულება შეთანხმებული რეფორმების მიმართ და წინსვლა ფართო და მდგრადი დემოკრატიის მშენებლობაში.

 

რეგულაცია, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი, ევროპარლამენტმა 2013 წლის 11 დეკემბერს მიიღო. წინა კვირას საბჭოს მიერ მისი მიღების და “ოფიციალურ ჟურნალში” გამოქვეყნების შემდეგ იგი ძალაში შევიდა.

 

რეგულაცია იმოქმედებს 2014 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე. ინსტრუმენტის ფარგლებში დაგეგმილია 15,432,634,000 ევროს გამოყოფა.

 

ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის პარალელურად საბჭომ მიიღო კიდევ ხუთი სხვა ინსტრუმენტი, რომლებიც საგარეო პროექტებზეა ორიენტირებული და რომელთა ფარგლებში გამოყოფილი თანხები ასევე ხელმისაწვდომია სამეზობლოს ქვეყნებისთვის. ეს ინსტრუმენტებია:

 

– ინსტრუმენტი გაწევრიანებამდე დახმარებისთვის (IPA);

 

– განვითარების სფეროში თანამშრომლობის ინსტრუმენტი (DCI);

 

– პარტნიორობის ინსტრუმენტი (PI);

 

– სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშემწყობი ინსტრუმენტი (IfSP);

 

– ევროპული ინსტრუმენტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის (EIDHR).