სესხის მისაღებად სახელფასო ცნობის გაყალბებისთვის 21 პირს ბრალი წაუყენეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, სახელფასო ცნობის გაყალბებისთვის 21 ადამიანი პასუხისგებაში მისცეს.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები კომერციულ ბანკებში განაცხადის შევსებისას სამუშაო ადგილისა და ანაზღაურების შესახებ ყალბ მონაცემებს უთითებდნენ, ხოლო რიგ შემთხვევებში  ყალბ სახელფასო ცნობებს წარადგენდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

უწყებაში აცხადებენ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ ღონისძიებებს კრედიტის უკანონოდ აღების ფაქტების გამოვლენისა და დამნაშავე პირების მხილების მიზნით.