„შეიძლება პირდაპირ გკითხოთ, ვინ არის თქვენი ბოსი?“ — ამ კითხვით მიმართა Financial Time-ის ანალიტიკოსმა ედუარდ ლუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „მსოფლიო თავდაყირა 2018“.
ედუარდ ლუსი, რომელიც პრემიერის პანელის მოდერატორი იყო, დაინტერესდა, არის თუ არა მამუკა ბახტაძე ანგარიშვალდებული ბიძინა ივანიშვილის წინაშე.
„მე ვარ ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის და საზოგადოების წინაშე. ყველაფერი დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია“, — უპასუხა მამუკა ბახტაძემ.
ედუარდ ლუსი საქართველოში არსებულ მმართველობას აფასებს როგორც „ოლიგარქიის მსგავსს“. იგი დაინტერესდა, ხომ არ ფიქრობს მამუკა ბახტაძე, რომ ეს ჩრდილს აყენებს საქართველოს დემოკრატიას.
„ბევრი მიზეზი გამო არ ვფიქრობ, რომ ოლიგარქიული სიტუაციაა. ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ჩვენ მოვიგეთ არჩევნები 2012 წელს და საუკეთესო პასუხი კითხვაზე, რა ცვლილებები მოიტანა ამან, არის საერთაშორისო რეიტინგები — როგორ გავაუმჯობესეთ ჩვენი პოზიციები ყველა მიმართულებით, იქნება ეს მედიაპლურალიზმი, ადამიანის უფლებები, გამჭვირვალობა და სხვა“, — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.