აჭარაში ჰესების მშენებელი კომპანიის თანამშრომელი გარდაიცვალა

 

როგორც ჰესების მშენებელი კომპანიის „აგე ბათუმის“ დირექტორი ნაზიმ ქურდოღლუ ამბობს, შემთხვევა დღეს დილით, 9 საათზე მოხდა. შუახევში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე, რომელიც კომპანიაში ელექტრიკოსად მუშაობდა, გულის შეტევით გარდაიცვალა.    

 

კომპანია „აგე ბათუმის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იოსებ ხინკილაძის თქმით, დილის რვა საათზე სამსახურში მისული თანამშრომელი ექიმთან მივიდა და უთხრა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. მისივე ინფორმაციით, 08:15 წუთზე რეანომობილით იგი ქედის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ შემთხვევა კომპანიის შუახევის ოფისში მოხდა. კომპანიის თანამშრომელი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

 

 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით გულისხმობს.