IBSU-ს პასუხები ავტორიზაციის საბჭოს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს განცხადებას პასუხობს. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ საბჭოს გზავნილები მცდარ ინფორმაციასა და დაუსაბუთებელ დასკვნებს შეიცავს, რაც IBSU-ს რეპუტაციის შელახვას ემსახურება.

“ნეტგაზეთი” განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს განცხადების ძირითად გზავნილებსა და მათზე შავი ზღვის უნივერსიტეტის პასუხებს წარმოგიდგენთ:

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს პირველკურსელთა ნაკადის მიღების უფლება 1 წლით 20 აგვისტოს შეუზღუდა. მიზეზად ცენტრი ასახელებდა სახელმწიფოსადმი IBSU-ს დავალიანების – 700 000 ლარის – გადაუხდელობას. უნივერსიტეტში გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნიეს და აღნიშნეს, რომ ვალთან დაკავშირებით სასამართლო დავა ამ დრომდე მიმდინარეობს. თუმცა 26 აგვისტოს, IBSU-მ მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გასაგრძელებლად თანხა მაინც გადაიხადა.

IBSU-ს მიერ სადავო ჯარიმის გადახდას განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი მიესალმა, თუმცა განაცხადა, რომ პირველკურსელთა ნაკადის მიღების შეზღუდვის შესახებ 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება ხელაღებით ვერ გაუქმდება და უნივერსიტეტმა სააპელაციო საბჭოს უნდა მიმართოს. აღნიშნულის პასუხად შავი ზღვის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ აპელაციას სჭირდება ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს 20 აგვისტოს გადაწყვეტილების დასაბუთების დოკუმენტი, რომელიც IBSU-სთვის ამ დრომდე არ მიუწოდებიათ.