ახალი ამბები

საიდან წარმოიშვა და ვინ დგას “პუტინის რაზმების” უკან

28 აგვისტო, 2018 • 3352
საიდან წარმოიშვა და ვინ დგას “პუტინის რაზმების” უკან

“პუტინის რაზმები” – ასე ჰქვია კრასნოდარში შექმნილ ჯგუფს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტისთვის აშშ-ის დროშას, ტრამპისა და ალექსეი ნავალნის ფოტოებს წვავს, მის ოფისებს  არბევს, აიფონებს და სხვა “მტრულ ამერიკულ პროდუქციას” კი ლეწავს.

პუტინის რაზმებმა Apple-ს პროდუქცია გაანადგურეს

⚔ ამერიკული სანქციების საპასუხოდ “პუტინის რაზმებმა” რუსეთში “ეფლის” ტექნიკა დაამტვრიეს.

პუტინის მხარდამჭერთა ჯგუფი აცხადებს, რომ რუსეთს არ სჭირდება ამერიკელების მტრული პროდუქცია ?

Posted by netgazeti.ge on Tuesday, August 28, 2018

თუმცა პროდუქციის დემონსტრაციული განადგურება და სურათების დაწვა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რომლებსაც “პუტინის რაზმები” ჯერ ახორციელენ, შემდეგ კი თავიანთ ვიდეობლოგზე ათავსებენ. გავრცელებული ვიდეომასალების მიხედვით, როგორც თავად რაზმელებს სჯერათ, მსგავსი ულტრაპუტინისტური ღონისძიებები სოციალური აქტივიზმის ხასიათს ატარებს და შედის არა მხოლოდ რუსი ერის, არამედ სხვა ქვეყნების ინტერესებშიც.

ასე, მაგალითად, რაზმელებმა რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც რამდენიმე წარმომადგენელი ამერიკელებს ჯერ ინგლისურად, შემდეგ კი რუსულად მიმართავენ და განმარტავენ, რომ ისინი “ძალიან ღელავენ მათ ბედზე, ვინაიდან მათი მომავალი უღიმღამოდ და სევდიანად გამოიყურება”.

“გეუბნებით პირდაპირ, თქვენთვის აუცილებელია, რომ მონობისგან გათავისუფლდეთ. თქვენი ლიდერები თქვენ პირდაპირ ჯოჯოხეთში გიძღვებიან. ამიტომ შემდეგ არჩევნებზე, ნოემბერში, მოიშორეთ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი. ჰილარის ადგილი პოლიტიკაში არ არის, აი, რუსეთს კი თავისი ერის ნამდვილი შვილი – ვლადიმერ პუტინი უდგას სათავეში. მისმა ბუნერივმა თავმდაბლობამ არ შეგაცდინოთ, ის ბოლომდე დაიცავს რუსეთისა და მსოფლიო მშვიდობის ინტერესებს!”, – ასე მიმართავენ “რაზმელები” ამერიკელებს და ბოლოს დასძენენ, რომ თავიანთი არჩევანი რაც შეიძლება მალე უნდა გააკეთონ.

მიმართვა “რაზმელებს” დიდი ბრიტანეთის მთავრობასთანაც ჰქონდათ, სადაც მოუწოდებდნენ, რუსეთის მიმართულებით “აღარ ეყეფათ”.

საიდან წარმოიშვა და ვინ დგას “პუტინის რაზმების” უკან

“პუტინის რაზმების” უკან რუსი პოლიტიკური აქტივისტი და  საქველმოქმედო ფონდ “სოციალური სამართლიანობის” ხელმძღვანელი, მარატ დინაევია. როგორც Meduza  წერს, მან თავის პოლიტიკურ აქციებში პენსიონერების ჩართვა ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყო, როცა კრასნოდარის ოლქის მაღალჩინოსნობა უნდოდა.

როგორც აღმოჩნდა, ხელმოწერების დიდი ნაწილი გაყალბებული იყო, შესაბამისად, დინაევის კანდიდატურა არ განიხილეს. მაშინ მისი მხარდამჭერი პენსიონერები კრასნოდარის ოლქთან აქციით გამოვიდნენ და პურის ფასის ზრდა გააპროტესტეს. თუმცა მალევე დინაევი და მისი მხარდამჭერები ოპოზიციური აქციებიდან გადავიდნენ კრასნოდარის ოლქის მმართველობის მხარდამჭერ აქციებზე. თავად დანაევმა ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ გუბერნატორი, რომელსაც მანამდე აკრიტიკებდნენ, “პუტინისტი” გახდა.

დინავემა BBC-სთან საუბარში უარყო, რომ ორგანიზაციის წევრები ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული აქციებისთვის ანაზღაურებას იღებენ. მისი თქმით, საქველმოქმედო ფონდი და მოძრაობა გაყოფილია და “პუტინის რაზმებს” მხოლოდ მაისურებით და ეკიპირებით აფინანსებს. რუსლ პრესაში ასევე არსებობს ინფორმაცია დინაევის კავშირებზე კრასნოდარის ადგილობრივ ადმინისტრაციასთან, თუმცა ეს უკანასკნელი ამასაც უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი