აღიარების 10 წლისთავზე ხაჯიმბა და ბიბილოვი პუტინთან ჩავიდნენ და მადლობა გადაუხადეს

რუსეთის მიერ  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების 10 წლისთავთან დაკავშირებით დე ფაქტო რესპუბლიკების  პრეზიდენტები, რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან ჩავიდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ბოლო 10 წელიწადი შეაჯამეს.

როგორც ოსური მედია წერს, ვლადიმერ პუტინმა ანატოლი ბიბილოვს უსურვა სამხრეთ ოსეთის კეთილდღეობა და აღორძინება, ბიბილოვმა კი, თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა პუტინის როლს რესპუბლიკის განვითარებაში.

“მინდა ვთქვა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარება სამხრეთ ოსეთისთვის ნამდვილად ისტორიული მასშტაბის მოვლენაა. სწორედ მშვიდობისკენ მოწოდებისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარების შემდეგ სამხრეთ ოსეთის ხალხმა სხვანაირად დაიწყო ცხოვრება- სტაბილურობის, მშვიდობისა და აღორძინების ფორმატში.  რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, თუ რამდენად დიდ როლი მიგიძღვით პირადად თქვენ ამ ყველაფერში და რა მტკიცე პოლიტიკური ნება გამოიჩინეთ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ყველა იმდროინდელ მოვლენაში, უდიდესი მადლობა თქვენ ამისთვის”.

ვლადიმერ პუტინი; ანატოლი ბიბილოვი; ფოტო: ria novosti