22 დღეში ტაქსის ლიცენზია მხოლოდ 500-მა მძღოლმა აიღო

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის მხოლოდ 500-მდე ტაქსის ნებართვაა გაცემული.

კახა კალაძემ ტაქსების რეგისტრაციის მსურველებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი იუსტიციის სახლში უკვე დაწყებულია.

“გარდა იუსტიციის სახლისა, ათივე გამგეობაში შესაძლებელია ლიცენზიის მიღება. ასევე, მსურველებისთვის ყველაზე მარტივი გზა არის სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერით დარეგისტრირდნენ. იუსტიციის სახლში სპეციალურად გამოყოფილია ერთი ადგილი, სადაც მოქალაქეებს იუსტიციის სახლის თანამშრომელი ემსახურება. დღეის მდგომარეობით, 500-მდე ტაქსის ნებართვა არის უკვე გაცემული,” – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე

კახა კალაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ტაქსები დედაქალაქში შესაბამისი ლიცენზიის გარეშე იმოძრავებენ, 200 ლარით დაჯარიმდებიან:

“მსურველებს მინდა მივმართო, რომ იაქტიურონ, რადგან 1 ოქტომბრიდან ამ სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელი იქნება. თუკი მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდება, 200 ლარით დაჯარიმდებიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულების მოწესრიგება, რადგან ეს ქალაქში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. ზოგადად ქაოსია და აუცილებლად უნდა მოვაწესრიგოთ. ეს ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება იყო.”

ყველა საინტერესო და საჭირო ინფორმაცია ტაქსის სერვისის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე.