ზემო ხვედურეთში ჯარისკაცი სანადირო თოფით მოკლეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთთან ჯარისკაცი სანადირო თოფით მოკლეს. ახალგაზრდა კაცი მე-13 ბატალიონში მსახურობდა.

როგორც ნეტგაზეთს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობის დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე შვებულებაში იმყოფებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ბრალდებული იდენტიფიცირებულია და აღიარებს დანაშაულს, თუმცა დაკავებული ჯერ არ არის. შსს-ში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე საქმის დეტალებში ერკვევიან და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გვაცნობებენ.

გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.