მაიკ პენსი თურქეთს ტრამპის მკაცრი რეაგირებით აფრთხილებს

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის განცხადებით, თურქეთი კარგს იზამს, თუ ამერიკელ პასტორს გაათავისუფლებს. პენსის თქმით, პასტორი ენდრიუ ბრანსონი უდანაშაულოა და სამართლიანობა მოითხოვს, ის გათავისუფლდეს.

“პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთშია დაკავებული, უდანაშაულოა. თურქეთი კარგს იზამს, თუ ამ საკითხზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეაგირებას არ დაელოდება. ტრამპის რეაგირება კი დამოკიდებული იქნება უცხოეთში უსამართლოდ დაკავებული ამერიკელების სამშობლოში დაბრუნებაზე,” – წერს პენსი “ტვიტერზე”

Pastor Andrew Brunson is an innocent man held in Turkey & justice demands that he be released. Turkey would do well not to test @POTUS Trump’s resolve to see Americans who are wrongfully imprisoned in foreign lands returned home to the United States.

— Vice President Mike Pence (@VP) August 15, 2018

ევანგელისტური ეკლესიის ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი თურქეთშია დაკავებული. CNN-ის ინფორმაციით, მას ბრალად ედება 2016 წელს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა. აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ თურქეთის ხელისუფლებამ დაკავებულის წინააღმდეგ აქამდე რაიმე სარწმუნო მტკიცებულება ვერ წარადგინა. ტრამპის ადმინისტრაცია რამდენიმე კვირაა ბრანსონის გათავისუფლებაზე თურქეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ვინ არის ენდრიუ ბრანსონი

50 წლის ენდრიუ ბრანსონი წლებია თურქეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ის ქალაქ იზმირში მდებარე ეკლესიის პასტორია. მისი მრევლი ოცამდე ადამიანისგან შედგება.

ის სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით 2016 წელს დააკავეს. გადატრიალების გარდა, პასტორს თურქეთის ხელისუფლება ბრალს სდებდა ქურთების მუშათა პარტიასთან და ფეტულა გიულენის მოძრაობასთან კავშირში. ამერიკული მხარე ბრანსონს უდანაშაულოდ მიიჩნევს . 2017 წლის ოქტომბერში თურქეთში ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ პასტორისთვის წარდგენილი ბრალი უსაფუძვლო იყო.

2018 წლის ივლისში თურქეთის სასამართლომ ამერიკელ პასტორი დროებით გაათავისუფლა და შინაპატიმრობა მიუსაჯა. თურქეთის სახელმწიფო მედიასააგენტო “ანადოლუ” პასტორის გაშვების ოფიციალურ მიზეზად “ჯანმრთელობის პრობლემებს” ასახელებს.

2018 წლის 15 აგვისტოს თურქეთის სასამრთლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა პასტორის სრულ გათავისუფლებაზე. CNN წერს, რომ ბრანსონის საბოლოო სასამართლო პროცესი ოქტომბერშია ჩანიშნული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ამერიკელ პასტორს დაახლოებით 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება.