2018 წლის ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობამ თითქმის 353 მლნ ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობამ დაახლოებით 353 მლნ ლარი შეადგინა. სებ-ში აცხადებენ, რომ ეს თანხა 19.3%-ით მეტია ივნისის მაჩვენებელზე.

მიმდინარე წლის ივლისში ევროკავშირის ქვეყნებიდან,  ჯამში, 48.3 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა.  ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხა რუსეთიდან შემოსულ გზავნილებს აღემატება. 2018 წლის ივლისში, სებ-ის ინფორმაციით, რუსეთიდან გზავნილების სახით 43 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა. გზავნილების კუთხით ლიდერობენ  რუსეთი, იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი.

2018 წლის იანვარ–ივნისში ევროკავშირის ქვეყნებიდან 41 მლნ აშშ დოლარით მეტი გადმოირიცხა, ვიდრე რუსეთიდან. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ექვს თვეში რუსეთიდან სულ 214 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, იმავე პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხის ოდენობა თითქმის 255 მლნ აშშ დოლარს აღწევს.