იტალიაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

იტალიის ქალაქ გენუასთან ახლოს საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შესაძლოა, მსხვერპლის რიცხვი გაიზარდო, ვინაიდან სამძებრო ღონისძიებები ადგილზე ახლაც მიმდინარეობს.

საავტომობილო ხიდის ნაწილი საპორტო ქალაქთან ახლოს ძლიერი წვიმის დროს, ადგილობრივი დროით, 11:30-ზე ჩამოინგრა. BBC-ის ცნობით, ნგრევისას ავტომობილები მიწისკენ 90 მეტრის სიმაღლიდან გადაცვივდნენ. ტელეკომპანია CBS ადგილობრივ RAI News-ზე დაყრდნობით ავრცელებს მაშველის კომენტარს, რომლის მიხედვითაც ნგრევაში 20-მდე ავტომობილი მოჰყვა, მათ შორის, როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო მანქანები.

#14agosto il video del crollo di #PonteMorandi a #Genova Polcevera Morandi@VAIstradeanas @DPCgov @emergenzavvf @Viminale @ComunediGenova @StradeAnas pic.twitter.com/9viaWCfAcu

— Polizia di Stato (@poliziadistato) August 14, 2018

ტრაგედიის ზუსტი მიზეზები, ამ დროისთვის, უცნობია. ადგილობრივი გამოცემა ASNA-ს ცნობით, ოფიციალური პირები მიზეზად სტრუქტურის სისუსტეს ასახელებენ. ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს აღნიშნულზე ვრცლად არ უსაუბრია, თუმცა, აღნიშნა, რომ “დაუშვებელია, ასეთი მნიშვნელოვანი ხიდი არ აშენებულიყო ისე, რომ მსგავსი სახის კოლაფსი თავიდან აცილებულიყო”.

CNN-ის ინფორმაციით, ხიდის ის სექცია, რომელიც ჩამოინგრა, რამდენიმე გზასა და სარკინიგზო ხაზს კვეთდა, ასევე გადიოდა სავაჭრო ცენტრებზე, სახლებსა და მდინარეზე. ხიდი გენუის ცენტრალურ ნაწილს აეროპორტთან და ქალაქის სხვა ნაწილებთან აკავშირებდა. ის 1968 წელს აიგო.